საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე “ზუგდიდის” მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ და კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა, ჟურნალისტებთან და კლუბის ფანკლუბის წევრებთან ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი შეაჯამეს. შეხვედრას კლუბის პრესატაშე ლაშა გოგილავა უძღვებოდა. ამის შესახებ “ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ბესიკ შეროზია : “ორჯერადი ვარჯიშების გარდა, ოთხი საკონტროლო მატჩი გავმართეთ, სადაც თითოეულ ფეხბურთელს ვაკვირდებოდით. შეკრების მთავარი მიზანიც ხომ ესაა. მთლიანობაში ჩვენი ფეხბურთელების მომზადებით კმაყოფილი ვარ და ასევე კმაყოფილი ვარ ოთხივე ტესტმატჩით, მიუხედავად იმისა ისინი რა შედეგით დასრულდა.
კარგად მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის პროგრამა მაქსიმუმის შესახებ. მართალია, სატურნირო მდგომარეობა სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ ახალ სეზონს ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. ცხრილის ქვედა საფეხურზე გუნდებს შორის ქულებში დიდი სხვაობა არაა და გარდა ამისა, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაციაც მალაპარაკებს, რომ ნებისმიერ გუნდს უშეღავათო ბრძოლას გავუმართავთ. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა საყრდენი ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე, რომელიც საკვანძო ფეხბურთელია და მისი თამაში პირველ შეხვედრაში სათუოა. თუმცა, ტრავმა საბედნიეროდ მძიმე არ აღმოჩნდა და ის ჩვენს გუნდს აუცილებლად დაეხმარება. ამისთვის მედპერსონალი ყველა ღონეს ხმარობს და მათ დიდ მადლობას ვუხდი. დანარჩენი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და ოფიციალური მატჩებისთვის ვემზადებით”.
გელა ინალიშვილი: “საგაზაფხულო სეზონის განახლებამდე რამდენიმე დღე დარჩა და მთელი გუნდი მზადყოფნაშია. უკვე განვლილ რთულ პერიოდს აღარ შევეხებით და შევეცდებით მთლიანად პოზიტივზე ვისაუბროთ. მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერი აღმოჩნდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოვახსენებ ზუგდიდის მერიას, ქალაქის საკრებულოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელთა მხარდაჭერაც, გუნდისთვის თვალსაჩინოა.
რაც შეეხება თურქულ შეკრებას, ცამეტდღიანი მოსამზადებელი პერიოდი ჩვენი გუნდისთვის ნაყოფიერი იყო და დიდი იმედი მაქვს, ეს მოსამზადებელი ციკლი, ოფიციალურ მატჩებში წარმატებით აისახება. თურქეთის ქალაქ სიდეში 35-კაციანი შემადგენლობით ვიყავით. აქედან 25 ფეხბურთელი იყო, რომლებსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი სხვადასხვა მატჩებში დააკვირდა”.
- “ზუგდიდი” ოფიციალურ შეხვედრებს მეორე წრეში სად ჩაატარებს?
ინალიშვილი: “ სეზონს “ზუგდიდი” “ბაიას” ბაზაზე ჩაამთავრებს და მომდევნო სეზონიდან ისევ განმუხურის სტადიონზე გადავინაცვლებთ, სადაც ერთი წელი დავრჩებით.
2016-2017 წლების სეზონს “ზუგდიდი” ახალ სტადიონზე დაიწყებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე წარადგინა ახალი სტადიონის პროექტი და ძალიან მალე, ამ ქალაქს მესამე კატეგორიის ევროპული დონის სტადიონი ექნება, რაც ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. სტადიონი ენგურ ქაღალდ კომბინატის დასახლებაში შენდება და პარალელურად სავარჯიშო სტადიონის მშენებლობაც იგეგმება, რომელსაც ასევე ტრიბუნები ექნება.
ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, პროექტში ჩადებულია რუხის ბაზის სრული რეაბილიტაცია და განახლება, სამედიცინო პუნქტითა და კვების ობიექტის ჩათვლით. ასევე, ზედაეწერის სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება. ყველაფერი, მთლიანობაში ჩვენი კლუბის სპორტკომპლექსი იქნება.
შორეული პერსპექტივაა არაა და ნახავთ, რომ “ზუგდიდი” ძალიან მალე მაღალი მიზნებისთვის სერიოზულ განაცხადს გააკეთებს. მეორე წრისთვის გუნდში ახალწვეულებიც გვყავს, მაგრამ მისასალმებელია, რომ ძირითადი შემადგენლობა აბსოლუტური უმრავლესობით მაინც ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელებით დავაკომპლექტეთ”.
-ახალწვეულები ოფიციალურ მატჩებს რამდენად მომზადებულნი ხვდებიან?
შეროზია: “თურქულ შეკრებამდე, თითოეული მათგანის შესაძლებლობა უკვე აქედანვე ვიცოდი, როცა მათ ადგილზე მიმდინარე ვარჯიშებზე და საკონტროლო შეხვედრებში ვაკვირდებოდი. თამამად გეტყვით, რომ ახალწვეულებს გუნდისთვის სარგებელის მოტანა შეუძლიათ და ეს ყველაფერი თურქეთში ჩატარებულ ტესტმატჩებშიც გამოჩნდა. გვარების დასახელებას და თითოეულის დახასიათებას არ შევუდგები, მაგრამ ვამბობ, რომ მთლიანობაში ეს ფეხბურთელები კარგი შენაძენია. ახალწვეულებს კლუბი ოფიციალურად ახალი სეზონის დაწყებამდე წარადგენს”.