უზბეკეთის ჩემპიონმა ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა, თურქულ შეკრებაზე დასკვნით ამხანაგურ შეხვედრაში ჯაბა ლიპარტიას ლუგანსკის “ზორიას” 3:0 აჯობა. განვლილ მატჩში ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა ტაშკენტელებს შეუცვლელად უკაპიტნა და მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა. ლიპარტია თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მახარაძე განვლილი სეზონის მსგავსად ზამთრის მოსამზადებელ პერიოდშიც “ფახთაქორის” ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის თურქეთში ემზადება, ბაქოს “ნეფთჩისთან” ისპარინგა და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ აზერბაიჯანელებთან პირველი ტაიმი ითამაშა.
უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე მარიუპოლის “ილიჩევეცი” თურქულ შეკრებაზე უკრაინის პირველი ლიგის ხარკოვის “ჰელიოსთან” 1:2 დამარცხდა. მცველმა ზურაბ ოჩიგავამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა მარიუპოლელებში სრულად ითამაშა და 90-ე წუთზე ანგარიში შეამცირა.
მინსკის “დინამომ”, სადაც გიორგი ფოფხაძე ისინჯება, თურქეთში შეკრებაზე ბოსნიის “ოლიმპიკთან” საკონტროლო თამაში 2:2 დაასრულა. ქართველი მარცხენა მცველი მინსკელებში მე-60 წუთზე გამოჩნდა.