სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:37 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 8 ქულა ყაზახეთში

ვთბ-ს საკალათბურთო ლიგაში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ყაზახეთში ასტანას ესტუმრა და 78:60 მოიგო, რაშიც არცთუ უმნიშვნელო წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

მანუ სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, თითქმის ნახევარი თამაში საქმეში გახლდათ. 19:37 წუთის განმავლობაში, მისმა მონაგარმა 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა შეადგინა.

ქართველმა მცველმა 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

მოსკოველებმა ძირითადად გუნდური გარჯის ხარჯზე იმარჯვეს და დიდად გამორჩეული არავინ ყოფილა. ის კი უნდა ვთქვათ, რომ 7 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო.

ცსკა-მ 17 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ რუსულვე ხიმკის ჩამორჩება, რომელმაც ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ოვერტაიმში 94:86 სძლია.

ქართველი კალათბურთელისთვის გასული მატჩი ბარაქიანი ნამდვილად არ ყოფილა. ფაცაციამ 11:10 წუთში ორ-ორი ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 1 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა, აქტივში კი ერთადერთი პასი ჰქონდა.

ნოვგოროდელებს ბელარუსმა არტიომ პარახუსკიმ (23 ქულა, 12 მოხსნა) და ამერიკელმა ტრეი ტომპკინსმა (28 ქულა) ულიდერეს, “ხიმკიში” კი ევროლიგის გამარჯვებული – ამერიკელი ტაირის რაისი გამოირჩა – 25 ქულა, 7 პასი.

“ნიჟნი ნოვგოროდს” 15 მოგებით და 4 მარცხით მე-3 პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120881