კალათბურთი

15:12 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტზე ნოვიცკი და კამანიც იქნებიან

როგორც სჩანს, 2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი სიძლიერით გამორჩეული იქნება. გასულ ევრობასკეტზე ქომაგმა ბევრი სახელოვანი მოთამაშე მოისაკლისა, წლეულს კი, ტურნირისთვის მთელი თანავარსკვლავედი იკრიბება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადა ნბა-ში მოთამაშე აპენინურმა კვარტეტმა – ლუიჯი დატომეს, დანილო გალინარის, ანდრეა ბარნიანის და მარკო ბელინელის შემადგენლობით, ახლა კი, გერმანელი ფანებისთვის სასიხარულო ცნობაც გავრცელდა.

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის ფლემინგმა ჰამბურგში გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევრობასკეტისთვის ყველა სასურველი მოთამაშე, მათ შორის – დირკ ნოვიცკი და კრის კამანი გუნდში იქნება. ისიც ვთქვათ, რომ “ატლანტა ჰოუქსში” მოთამაშე დენის შრიოდერმა ჯერ კიდევ ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში იასპარეზა, ამდენად, მისი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არც დამდგარა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი ბერლინი გახლავთ და გერმანიის და იტალიის ნაკრებები B ჯგუფში, რომელიც ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, ერთად მოხვდნენ. მათ გარდა, პლეი-ოფში გასასვლელად ესპანეთი, თურქეთი, სერბეთი და ტურნირის დებიუტანტი ისლანდია იბრძოლებენ.

0.119972