ფეხბურთი

14:39 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ზამთარაძე: “ტორპედოს” პატივს ვცემთ”

“მსოფლიო სპორტი” საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “სამტრედიას” მთავარ მწვრთნელ ზაზა ზამთარაძეს გუნდში არსებული მდგომარეობის და გეგმების შესახებ ესაუბრა. მწვრთნელმა თურქული შეკრება შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილია.

- როგორი ატმოსფეროა შექმნილი გუნდში და როგორ მიმდინარეობს მზადება სეზონის მეორე ნაწილისთვის?

- სამი დღეა, რაც გუნდი სამტრედიაში დაბრუნდა და განაგრძობს მზადებას. მოგეხსენებათ, შეკრებაზე თურქეთში ვიმყოფებოდით, საიდანაც საქართველოში 11 თებერვალს დავბრუნდით. გუნდის დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ თურქული შეკრებით?

- ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან. განსაკუთრებით, კორეულ “ჟე ჟე იუნაიტედს” გამოვყოფდი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი გუნდი იქნებოდა. შემდეგ კი ტირასპოლის “შერიფს” და გროზნოს “ტერეკსაც” ვესპარინგეთ. ამ მატჩებიდან დავინახეთ, რა შეგვიძლია, რა კომპონენტში მოვიკოჭლებთ და რა გვაქვს გასაუმჯობესებელი. მთლიანობაში კი შეკრებით კმაყოფილნი ვართ.

- რამდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ახალწვეულებმა?

- ახალწვეულებს საკმაო გამოცდილება აქვთ საქართველოს ჩემპიონატში თამაშის და ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, მათ სათამაშო კლასში ეჭვი არც შემიტანია. ისინი სინჯებზე არ გვყოლია და წინასწარ ვიცოდით მათი შესაძლებლობები. შემიძლია ვთქვა, რომ ახალწვეულები გუნდს კარგად შეერწყნენ.

- გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია?

- სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღია იქნება, კიდევ ვეცდებით რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას. რამდენიმე გუნდთან გვაქვს მოლაპარაკება ერთი-ორი ფეხბურთელის შესახებ და ვნახოთ ამ საქმიდან რა გამოვა. კონკრეტული გვარების თქმა კი ამ დროისთვის არ შემიძლია.

- სეზონის მეორე ნაწილი 18 თებერვალს სათასო ბატალიებით განახლდება. “სამტრედია” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება. რას იტყოდით მეტოქის შესახებ?

- თასის თამაშები, როგორც იცით, ორრაუნდიანია და ყველაფერი მეორე თამაშში გაირკვევა. წინა ეტაპზე ბათუმის “დინამოსთან” საკმაოდ რთული ბარიერი დავძლიეთ, მას მერე, რაც პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით დავთმეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც მოვახერხეთ. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ქუთაისის “ტორპედო” ტრადიციული ქართული გუნდია, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტი წვრთნის და კარგი ფეხბურთელებითაცაა დაკომპლექტებული. ჩვენ მეტოქეს პატივს ვცემთ.

- გულშემატკივრებს აინტერესებთ, რა ხდება გიორგი გაბედავას შესახებ. იგი ბოლო დროს იშვიათად თამაშობს...

- გაბედავას ტრავმა აქვს. “სიონთან” ამხანგურ შეხვედრაში მცირე დაზიანება მიიღო. თურქეთში პირველ ამხანაგურ მატჩში ითამაშა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა გაიმიზეზა და მისი შემდგომი უთამაშებლობის მიზეზიც სწორედ ესაა. თუმცა დაზიანება სერიოზული არაა და იმედია, მალე დაგვიბრუნდება.

- რა მოლოდინი გაქვთ მეორე წრიდან?

- დღესდღეობით ჩვენი ჩემპიონატი თანაბარი ძალის გუნდებისგან არის დაკომპლექტებული. კარგი გუნდები ჰყავთ თბილისის “დინამოს”, ასევე გორის “დილა”, რომელმაც საკმაოდ კარგი შევსებაც მიიღო. ასევე გამოვყოფდი ბათუმის “დინამოს”, “შუქურას”, საჩხერის “ჩიხურას”. რაც შეეხება მიზნებს - ჩვენ მიერ დასახული ამოცანაა, პირველ ყოვლისა ჩვენი გულშემატკივარი ლამაზი თამაშით გავახაროთ, რაც, რა თქმა უნდა შედეგშიც უნდა აისახოს.

0.159505