ძიუდო

21:30 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლისა და ბრინჯაოს დღე რომში

რომაული ევროპის ღია პირველობა ქართულ-იაპონური დაპირისპირებით და ჩვენთვის არასასურველი ფინიშით დასრულდა. მძიმეწონოსანთა გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ლევან მატიაშვილი და ჰისაიოში ჰარასავა დაეჭიდნენ - უილეთო შეხვედრაში აზიელმა მეტოქის სამი გაფრთხილებით იმარჯვა.

+100 კილოგრამის სატურნირო ბადეში პირველ-მეორე ნომრებად ქართველი ძიუდოისტები ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი იყვნენ განთესილები. შესაბამისად, ისინი ბადის სხვადასხვა მხარეს განთავსდნენ და ევროპის ღია პირველობაზე მეორე ქართულ ფინალს ველოდით, მაგრამ... ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოპტიმალური ფორმისგან და წონისგან ძალიან შორსაა. ევროპის ჩემპიონატის ორგზის ფინალისტმა ტურნირი გერმანელ თომას პილესთან დაჭიდებით გახსნა და თავისზე ბევრით მსუბუქ მოწინააღმდეგეს უილეთო ძირითადი დროის შემდეგ მომგებიანი იუკო მხოლოდ მე-7 წუთზე აუღო. სულ ეს იყო, რაც ოქრუაშვილმა შეძლო. მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ სტეფან სარქისიანთან წუთნახევარში წააგო, მტკივნეული ილეთით. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი სამხრეთკორეელ სო-ვან კიმთან ორწუთნახევარში დავარდა ბეჭებზე და საბოლოოდ მე-7 ადგილს და 16 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

მატიაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა. პერუელი ჯოშუა სანტოს ვასკესი ოთხ წუთში შებოჭა. იაპონელ კეიტა ივაოს ვაზარით აჯობა, ნახევარფინალში კი ებრაელ ორ სასონს მოუგო ძალიან დაძაბულ ბრძოლაში. ქართველმა მძიმეწონოსანმა ჯერ ორშიდოიანი ჩამორჩენა გაქვითა, საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე კი ვაზარი შეასრულა და ზედ შებოჭვა მიაყოლა.

დღესვე, რომაულ პოდიუმზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილიც ავიდა, ოღონდ მხოლოდ მესამე საფეხურზე. 19 წლის ქართველს მონაწილეთა შორის ყველაზე მაღალი პირადი რეიტინგი აღმოაჩნდა და პირველ ნომრადაც განთესეს. ჩვეულადაც დაიწყო – პოლონელი პატრიკ ჩერნოვიცკი ორ წუთში გააკრა ტატამს.

ოქრო-ვერცხლის შანსი ღვინიაშვილმა მეოთხედფინალში დაკარგა, ფრანგ ნიკოლას ბრისონთან წაგებით. მესამე წუთზე თავისსავე წამოწყებულ ილეთზე ვაზარი დაკარგა და ბრძოლის სათავისოდ შესატრიალებლად დრო არ ეყო.

ბრისონის ჯავრი ღვინიაშვილმა ორ მომდევნო მეტოქეზე იყარა. ჯერ რუსეთის ნაკრების წევრი სამირ გუჩაპშევი ჩამოიშორა, ხოლო დასკვნით შეხვედრაში სერბეთის ნაკრების წევრ დიმიტრი გერასიმენკოს გაუსწორდა. ორივეს ეფექტური სუფთა გდებებით.

100 კილოგრამში, ალექსანდრე მსხალაძეს საპრიზო სამეულამდე ერთი მოგება დააკლდა. ძირითად ბადეში მან ოთხი შეხვედრა ჩაატარა. იაპონელი აარონ ვოლფი, პოლონელი იაკუბ ვოიჩიკი და ებრაელი პეტერ პალჩიკი იპონ-იპონ გაიარა. ძირითად ბადეში გამოსვლა კი ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკიფოროვთან უშანსოდ წაგებით დაასრულა.

“ბრინჯაოს ფინალში” მსხალაძე პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან დაიჩაგრა – მხოლოდ ორწუთნახევარი გაძლო.

ლევან მატიაშვილი რომაული ვერცხლის წყალობით პირად რეიტინგს 60 ქულას შემატებს, ბექა ღვინიაშვილი – 40-ს, ხოლო მსხალაძე – 20-ს.

დღესვე საერთაშორისო არენაზე საქართველოს დროშის ქვეშ კიდევ სამი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ტურნირს სამივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) სლოვენიელ ალჟაზ სედეჟთან დამარცხდა, გიორგი სეტიელი (100 კგ) – უკრაინელ ვლადისლავ დიბროვასთან, ხოლო რეზო წულუკიძე (100 კგ) – ავსტრიელ მაქსიმილიან ჰაგენედერთან.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ღია პირველობა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა, რომელმაც დღეს ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო – ოთხივე წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე სწორედ იაპონელი ძიუდოისტები ავიდნენ. შეჯიბრებაში მონაწილეობა სულ 37 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო.

20-22 თებერვალს მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები დიუსელდორფში შეიკრიბებიან. გერმანია ტრადიციულ გრან პრის უმასპინძლებს.

ძიუდო

ევროპის ღია პირველობა

რომი

14-15 თებერვალი

კაცები

60 კგ

1 იუმა ოშიმა (იაპონია)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 მატიაშ ტრბოვჩი (სლოვენია)

66 კგ

1 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

2 თორნიკე თათარაშვილი (საქართველო)

3 ჟულიენ ოტავიანი (საფრანგეთი)

3 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

5 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

73 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 შუაი სუნი (ჩინეთი)

3 იგორ ვანდტკე (გერმანია)

7 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

81 კგ

1 გოკი მარუიამა (იაპონია)

2 სვენ მარეხი (გერმანია)

3 შალვა ყალაბეგაშვილი (ესპანეთი)

3 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)

90 კგ

1 მაშუ ბეიკერი (იაპონია)

2 ნიკოლას ბრისონი (საფრანგეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 მიხაელ ზგანკი (სლოვენია)

100 კგ

1 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)

2 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

3 ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)

3 კრისტოფ კრონბერგერი (ავსტრია)

5 ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო)

+100 კგ

1 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია)

2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 სოო-ვან კიმი (სამხრეთ კორეა)

3 კეიტა ივაო (იაპონია)

7 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

საერთო გუნდური ჩათვლა

V VII
1 იაპონია 5 0 2 1 0
2 საქართველო 1 4 1 2 2
3 ისრაელი 1 0 0 1 2
4 გერმანია 0 1 1 1 0
5 საფრანგეთი 0 1 1 0 0

0.114237