უშეღავათო ბრძოლაში გაიმართა ფიდე-ს გრან პრის თბილისის ეტაპის პირველი ტური. ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ ორი პარტია დასრულდა ფრედ, ხოლო ოთხ შედეგიან პარტიაში სამი დაპირისპირება შავებით მოასპარეზე მონაწილეების გამარჯვებით დამთავრდა, რაც მსგავსი დონის ტურნირებისათვის იშვიათი შემთხვევაა.
ფრედ დაამათავრეს შეხვედრა ლენიერ დომიგესმა (კუბა) და თემურ რაჯაბოვმა (აზერბაიჯანი). ერთადერთ შედარებით “მშვიდობიან” პარტიაში ესპანური ვარიანტი გათამაშდა და მეტოქეებმა დიდი ძალისხმევის გარეშე დააფიქსირეს ყაიმი.
მეორე ფრედ დასრულებული პარტია რუს მოჭადრაკეებს: ანდრეიკინსა და იაკოვენკოს შორის ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ტურის ბოლო შეხვედრად დაფიქსირდა.
პირველი შედეგიანი პარტია აზერბაიჯანელი დიდოსტატის შაჰრიარ მამედიაროვის გამარჯვებით დასრულდა. მისი მსხვერპლი ფრანგი ვაშიე-ლაგრავი გახდა.
შავი ფიგურებით მოიგო ტურნირის ელო-ფავორიტმა ალექსანდრ გრიშჩუკმა (რუსეთი), მან მსოფლიოს ექსჩემპიონ რუსტამ კასიმჟანოვს (უზბეკეთი) აჯობა.
29 სვლაში დაამარცხა ახალგაზრდა ჰოლანდიელმა დიდოსტატმა ანიშ გირიმ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭადრაკე – რუსი პიოტრ სვიდლერი.
სამწუხაროდ, დამარცხდა ბაადურ ჯობავა. მას რუსმა ევგენი ტომაშევსკიმ თეთრებით სძლია. ქართველ დიდოსტატს მე-17 სვლაზე შეეძლო უპირატესობის მიღება, თუმცა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ უხეში შეცდომა დაუშვა და უკეთესი პოზიციიდან ერთბაშად მძიმე პოზიციაში აღმოჩნდა.
პირველი ტურის შედეგები:
დომინგესი (კუბა; 2726) 0:1 რაჯაბოვი (აზერბაიჯანი; 2731)
სვიდლერი (რუსეთი; 2739) 0:1 გირი (ჰოლანდია; 2797)
ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი; 2775) 0:1 მამედიაროვი (აზერბაიჯანი; 2759)
კასიმჟანოვი (უზბეკეთი; 2705) 0:1 გრიშჩუკი (რუსეთი; 2810)
ანდრეიკინი (რუსეთი; 2737) 0.5:0.5 იაკოვენკო (რუსეთი; 2733)
ტომაშევსკი (რუსეთი; 2716) 1:0 ჯობავა (საქართველო; 2696)
მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
რაჯაბოვი (აზერბაიჯანი; 2731) – ჯობავა (საქართველო; 2696)
იაკოვენკო (რუსეთი; 2733) – ტომაშევსკი (რუსეთი; 2716)
გრიშჩუკი (რუსეთი; 2810) – ანდრეიკინი (რუსეთი; 2737)
მამედიაროვი (აზერბაიჯანი; 2759) – კასიმჟანოვი (უზბეკეთი; 2705)
გირი (ჰოლანდია; 2797) – ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი; 2775)
დომინგესი (კუბა; 2726) – სვიდლერი (რუსეთი; 2739)
პარტიების პირდაპირი ჩვენება იწარმოებს 15.00 საათიდან.