კალათბურთი

22:56 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

აჭარლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს

საკალათბურთო სუპერლიგის მეცხრე ტურის პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,ბათუმს“ უმასპინძლა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ფავორიტად ქუთათურები ითვლებოდნენ, თუმცა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, აჭარლებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს და პირველ წრეში საკუთარ მოედანზე დამარცხებისთვის ღირსეული რევანში აიღეს.

შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო და საწყისი 2 წუთი ისე მიილია, ანგარიში არ გახსნილა. პირველი შედეგიანი შეტევა სტუმრებმა განახორციელეს და იანგის ზუსტი საჯარიმოებით 2:0 დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 3 ამერიკელი ლეგიონერი ვიხილეთ, რომლებმაც თითქმის მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშეს. მათგან განსაკუთრებით იანგი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც ჯამში 37 ქულა ჩააგდო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათგან ყველაზე გამორჩეული ფიგურა სლოვენიელი მირზა სარალია გახლდათ, რომელმაც ასევე თითქმის შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრა 23 ქულით დაამთავრა.

ანგარიშში სტუმართა დაწინაურების შემდეგ თამაში ქულა ქულაში გაგრძელდა და პირველი მეოთხედი აჭარელთა მინიმალური უპირატესობით - 18:19 დასრულდა.

მატჩის გარდამტეხი მომენტი მეორე პერიოდში დადგა. სტუმრებმა მოწინააღმდეგეს 8:0 გაქცევა მოუწყვეს და ამ თამაშში ყველაზე დიდი - 11 ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ - 24:35.

ამ მომენტში მატჩის შემოტრიალება ქუთათურთა კაპიტანმა ბუბა კვიმსაძემ სცადა, რომელმაც ზედიზედ 3 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა განახორციელა, თუმცა პერიოდის შუაწელში მეოთხე პერსონალური შენიშვნა მიიღო ვახტანგ ქადარიამ და მწვრთნელებს მისი სათადარიგო სკამზე დასმა ნაადრევად მოუხდათ. საბოლოოდ პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით - 36:46 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი რიონისპირელებმა შემართებით დაიწყეს. სრული ძალით ათამაშდა სარალია, რომლის ზუსტი სამქულიანების შემდეგ ქუთათურებმა 8:0 გაქცევა მოაწყვეს და მეტოქეს თითქმის წამოეწივნენ. აღსანიშნავია, რომ პერიმეტრიდან სროლებში სლოვენიელ ლეგიონერს კარგად აუბეს მხარი ფაშაევმა და დავით ბარბაქაძემ, რომლებმაც 4-4 ზუსტი სამქულიანი სროლა მიითვალეს.

მეოთხე პერიოდი ისევ სტუმართა უპირატესობით დაიწყო და 9:0 გაქცევის შემდეგ ანგარიშმა აჭარელთათვის კომფორტული სახე მიიღო - 70:60. მართალია, მასპინძლები დანებებას არ აპირებდნენ, მაგრამ მათ კომბინაციური თამაში არ გამოსდიოდათ და შეტევის დაგვირგვინებას მხოლოდ პერიმეტრიდან სროლის ხარჯზე ახერხებდნენ. რაც შეეხება ფარზე თამაშს, აქ სრული დომინაცია ამერიკელებს ჰქონდათ. პელოგმა საკუთარ ფარზე 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო ფელჩერი ორმაგი დუბლით - 13 ქულითა და 14 მოხსნით გამოირჩა.

შეხვედრის უკანასკნელ წუთებში რიონისპირელები ვაბანკზე წავიდნენ და ირაკლი მიქელაძეზე რამდენჯერმე შეგნებულად დაჯარიმდნენ, თუმცა აჭარელთა გამთამაშებელს მტკიცე ნერვები აღმოაჩნდა და მატჩის ეპილოგში ზედიზედ 6 ზუსტი საჯარიმო სროლით ბათუმელთა გამარჯვება განამტკიცა - 97:91.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

მედეა მხეიძე (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ,,დასანანია რომ დავმარცხდით. მეტოქეს საკუთარ თამაშში ავყევით და ამისთვის დავისაჯეთ. გიგი ბარბაქაძის არყოფნაც ძალიან დაგვეტყო. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას’’.

დავით უსტიაშვილი (,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,კარგი თამაში გამოვიდა. უკანასკნელ წუთამდე დაძაბულად მიმდინარეობდა. კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ’’.

1 დინამო 8 7 / 1 662 / 556 15
2 ქუთაისი 9 6 / 3 686 / 667 15
3 რუსთავი 8 6 / 2 665 / 601 14
4 შსს აკადემია 8 6 / 2 631 / 586 14
5 ბათუმი 9 4 / 5 693 / 698 13
6 ოლიმპი 8 2 / 6 623 / 666 10
7 მგზავრები-არმია 8 1 / 7 536 / 623 9
8 სოხუმი 8 1 / 7 603 / 702 9

ავტორის ფოტო

0.231062