ფეხბურთი

11:35 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი კეინს ნაკრებში გამოიძახებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონში, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საყვარელ რესტორანში, თავად როი ჰოჯსონთან ერთად, “ტოტენჰემის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმაც ისადილა. მათი სასაუბრო თემა კი ეროვნული ნაკრები გახლდათ.

მარტის თვეში სანაკრებო თამაშების წინ ჰოჯსონი გაფართოებულ შემადგენლობას დაასახელებს და ახალგაზრდა კეინს ინგლისის ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

“იმსახურებს თუ არა შემადგენლობაში ადგილს? რა თქმა უნდა. ჩემი ხელმძღვანელობის დროს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიყვანეთ. წინა შეკრებაზე განაცხადში საიდო ბერაჰინო გვყავდა. ჰარიმ დაიმსახურა ადგილი, ისევე როგორც ბერაჰინომ. მისი გამოყენება შეიძლება რუნის, უელბეკის, სტარიჯის ადგილას და იგი ამას დაამტკიცებს. თუ არ მივცემთ შანსს, მას არასდროს ექნება თავის გამოჩენის შესაძლებლობა.” – განაცხადა როი ჰოჯსონმა.

ინგლისელები 27 მარტს “უემბლიზე” ლიტვის ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდებიან, ხოლო 4 დღის შემდეგ იტალიას ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

ჰოჯსონის კომენტარიდან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩებში ჰარი კეინის ხილვაც შეიძლება. “ტოტენჰემის” თავდამსხმელი კარგ სეზონს ატარებს. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სათამაშო წელს ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114279