თებერვლის პირველ კვირაში ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული ტრადიციული ერთდღიანი ტურნირის გამარჯვებული იოკოძუნა ჰარუმაფუჯი გახდა, კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ კი პირველივე რაუნდში ქართველმა ტოჩინოშინმა დაჯაბნა.
სამწუხაროდ, ლევან გორგაძის შემდგომი ორთაბრძოლების შესახებ არაფერი ვიცით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ნახევარფინალში ვერ გავიდა. ამ ეტაპზე ჰარუმაფუჯიმ რიგითი მაეგაშირა ტოიონოშიმა დაჯაბნა, ხოლო ოძეკი კისენოსატომ სეკივაკე იჩინოჯოს სძლია.
გადამწყვეტ შერკინებაში “მზიურმა ცხენმა” მოწინააღმდეგე დოჰიოდან იოლად გაიყვანა.
ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის უმთავრესი ფავორიტი – იოკოძუნა ჰაკუჰო საწყის შეხვედრაშივე ჯოკორიუსთან დამარცხდა.
პროფესიული სუმოს ახალი რეიტინგი იგივე ბანძუკე 23 თებერვალს გამოქვეყნდება, ხოლო მომდევნო ბაშო ოსაკაში 8-22 მარტს შედგება.