როგორც “ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდმა თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩინური “ჰუნან ხიანგტაოს” წინააღმდეგ გამართა და 2:0 იმარჯვა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ლუკა გუგუჩიას და ირაკლი ქობალიას ჰქონდათ, ხოლო ლევან კუტალიას დარტყმული ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ვითარება განიმუხტა. ერთ-ერთი შეტევის დროს მეგრელებმა სტანდარტული დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს, შოთა ლომიას შესრულებულ სტანდარტს გიორგი პაჭკორია გამოეხმაურა და თავური დარტყმით ბურთი ცხრიანში გაახვია.
27-ე წუთზე ჩინელები გადავიდნენ შეტევაზე, თუმცა მინდია ბობღიაშვილმა ზუსტად იმოქმედა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის გაზრდის შანსი ირაკლი ქობალიას მიეცა, თუმცა ჩინელთა მეკარემ კარგად ითამაშა.
56-ე წუთზე დავით რიგვავას დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს ხელზე მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი შოთა ლომიამ ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დარჩენილ დროში აქტიურობდა ავთანდილ ენდელაძე, თუმცა მის აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია.
ავადმყოფობის გამო შეხვედრაში მონაწილეობა გოდერძი მაჩაიძესა და დათო მეგრელიშვილს არ მიუღიათ.
თურქეთი, სიდე, 11 თებერვალი
ზუგდიდი – ჰუნან ხიანგტაო 2:0
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, რიგვავა, ღონღაძე, პაჭკორია, აკობია, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, გუგუჩია, ლომია, ქობალია
შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, კობერიძე, ფარჯიკია, დ.ქირია, ნარმანია, კუკავა