მოსკოვის “სპარტაკმა” ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრიის “ვაკერს” 3:2 აჯობა. ჯანო ანანიძე თამაშში შესვენების მერე ჩაერთო, როდესაც მოსკოველები 1:2 აგებდნენ. “სპარტაკის” ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველმა ნახევარმცველმა კარგად ითამაშა. მან 74-ე წუთზე კომბინაცია წამოიწყო, რომლის მერე რუსებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 79-ეზე საუცხოო პასი მისცა დავიდოვს, რომელმაც “სპარტაკს” მოაგებინა.
აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 21-ე ტურში, ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, სახლში “გაბალას” 2:0 სძლია.
ამ გამარჯვების შემდეგ, “სიმურგი” 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
სამხრეთ აფრიკის უმაღლეს ლიგაში მეორე ეტაპი განახლდა და “ვითსმა”, რომელშიც გიორგი ნერგაძე გამოდის, სტუმრად “მარიტცბურგი” 2:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ვითსი” 34 ქულით 16 გუნდში მესამეა.







