სხვა

15:34 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მერი ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

​მადრიდში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ალეხანდრო ბლანკოს შეხვდნენ.

სპორტის ესპანელი მაღალჩინოსანი ჩვენს ქვეყანას კარგად იცნობს, იგი თბილისში რამდენჯერმე არის ნამყოფი და მათ შორის 2009 წელს, სეოკ-ის დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, დავით ნარმანიასა და ალეხანდრო ბლანკოს შორის საუბრის მთავარი თემა მოახლოებული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გახლდათ, რომელსაც ივლისის ბოლოს საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს.

თბილისის მერმა ძირითადი ყურადღება იმ ახალ ობიექტებზე გააკეთა, რომლებიც ფესტივალის დასრულების შემდეგ ქალაქს დარჩება და ყოველივე სპორტის განვითარების კუთხით დიდად წაგვადგება.

ესპანეთისთვის, მსგავსი ფესტივალების ჩატარება უცხო ხილი არ არის. 2001 წელს მურსიაში ზაფხულის, ხოლო 2007 წელს ჰაკაში ზამთრის ანალოგიური სპორტული ფორუმები გაიმართა და ალეხანდრო ბლანკომაც, დავით ნარმანიას სწორედ ამ კუთხით ესპანეთის გამოცდილება გაუზიარა.

დავით ნარმანია, ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოს დედაქალაქში ფესტივალზე დასასწრებად ოფიციალურად დაპატიჟა, ასევე გადაწყდა, რომ ალეხანდრო ბლანკო თბილისს მანამდეც ეწვევა სპორტული არენების დასათვალიერებლად.

www.geonoc.org.ge

0.114792