ფეხბურთი

12:17 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა გოგიჩაიშვილი: “შეთამაშებას დიდი ყურადღება დაეთმო”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან თურქული შეკრების შეფასების დროს, ხაზი გაუსვა, რომ ძირითადი აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას და ტაქტიკური მონახაზის დახვეწას დაეთმო.

კახა გოგიჩაიშვილი: “შეკრებაზე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული - სავარჯიშო მოედნები, აღდგენითი საშუალებები, სასტუმრო, კვება. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და შეთამაშებას დიდი ყურადღება დაეთმო. ძირითადი აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე და ტაქტიკური მონახაზის დახვეწა-დამუშავებაზე გაკეთდა.

თამაშები ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ჩავატარეთ. კარგი სპარინგები გვქონდა, განსაკუთრებით ჩეხეთის “სპარტასთან” და ავსტრიის “შტურმთან”. “სპარტა” ამ ეტაპზე კლასითა და გამოცდილებით ჩვენზე ძლიერი გუნდია. დანარჩენ გუნდებს არ ჩამოვრჩებოდით.

ბოლო შეხვედრები ჩვენი უპირატესობით წარიმართა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო პაპუნაშვილმა, ჩირგაძემ და შერგელაშვილმა ვერ ითამაშეს. ისინი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ყველა სხვა ფეხბურთელს ჰქონდა თამაშის საშუალება. ახალწვეულებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ. მომზადების ამ ეტაპზე ზოგიერთმა მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზოგიერთისგან კი უფრო მეტს ველოდით. ვიმედოვნებ, რომ ისინი “დინამოს” გამოადგებიან. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ეს შეკრება კარგად ჩაატარა. ყველა ძალიან მონდომებით და ნაყოფიერად ემზადებოდა. მათ მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ”.

0.161572