კალათბურთი

22:05 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ დერიუგინზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია სამინისტროში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სახელგანთქმული ქართველი კალათბურთელის ნიკოლოზ დერიუგინის შესახებ მომზადებული წიგნის - „ნიკოლოზ დერიუგინი" - პრეზენტაცია გაიმართა.

„ბატონი კოლია გამორჩეული კალათბურთელი და ადამიანია. მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი სპორტსმენის შესახებ საინტერესო და ლამაზი წიგნი გამოიცა. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ პროექტებს და მუდამ დააფასებს ქართული სპორტის გამორჩეულ სახელებს. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და პირადად წიგნის ავტორს, ბატონ ილია ბაბუნაშვილს ასეთი საინტერესო ნაშრომისთვის", - განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

„ძალიან გახარებული ვარ ამ წიგნით. აქ ჩემს შესახებ ყველაფერია მოთხრობილი. არ დაგიმალავთ: ავტობიოგრაფიის გამოცემა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. მადლობელი ვარ ბატონების გია გორგოძის და ილია ბაბუნაშვილის და ბატონი ლევანისაც, რომლის მხარდაჭერით გამოიცა ეს შესანიშნავი წიგნი. რაც შეეხება ჩემს მეორე ოცნებას, ეს საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბებაა და ვიმედოვნებ, ამასაც შევძლებ", - განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

„ნიკოლოზ დერიუგინის" ავტორი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილია, რედაქტორი - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გორგოძე. წიგნზე ასევე მუშაობდნენ ზაზა ასანიშვილი, ვაჟა სიმონიშვილი და თამაზ მიგრიაული.

წიგნში ასევე შესულია ინტერვიუები და სხვადასხვა საინტერესო წერილები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელის შესახებ, ასევე ალექსანდრე კოტორაშვილის უამრავი საინტერესო ფოტო.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პროექტით - „ქართული სპორტის დიდი სახელები" - უკვე გამოიცა წიგნები რამაზ შენგელიას, ანდრო ჟორდანიას, ბორის პაიჭაძის და გაიოზ ჯეჯელავას შესახებ. ახლო მომავალში ქომაგები კიდევ ერთ დიდ ქართველ კალათბურთელზე მომზადებულ გამოცემას იხილავენ - „გურამ მინაშვილი", რომლის ავტორი სპორტული ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილია.

ნიკოლოზ დერიუგინი 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში დაიბადა, 1977-1986 წლებში კი თბილისის „დინამოში" თამაშობდა. 1978-1985 წლებში დერიუგინი საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრი გახლდათ, 1995-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით დერიუგინმა 1981 წელს ევროპის, 1982 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 1980 წელს ის მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

www.gbf.ge

0.068479