ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა დღეს ჩვენი დროით შუაღამეს “სან მამესზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ბილბაო” კატალონიურ “ბარსელონას” მიიღებს. როგორც იცით, გუშინ მადრიდულ დერბიში “ატლეტიკომ” “რეალი”გაანადგურა და “ბარსელონას” შანსი აქვს, რომ დღეს “ბლანკოსთან” სხვაობა მინიმუმამდე შეამციროს.
მიმდინარე სეზონს “ბილბაო” ძალიან ცუდად და არასტაბილურად ატარებს. კლუბი ჩემპიონთა ლიგას ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობა, ხოლო ლა ლიგაში მხოლოდ მე-13 ადგილი უკავია და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. სამაგიეროდ, ბასკები ესპანეთის თასზე ყოჩაღობენ და 1/2 ფინალში არიან, სადაც “ესპანიოლს” დაუპირისპირდებიან. ლა ლიგაში ჩატარებული უკანასკნელი 5 მატჩიდან “ბილბაო” სამში დამარცხდა, თუმცა ბოლო ორი შეხვედრა არ წაუგია. წინა ტურში ბასკებმა არის ადურისის დუბლით, გასვლაზე “ლევანტეს” დამარცხება მოახერხეს. ერნესტო ვალვერდე დისკვალიფიკაციის გამო ანდონი ირაოლას მოისაკლისებს, ხოლო გილერმო ფერნანდესი და ანდერ იტურასპე ტრავმირებულნი არიან.
“ბარსელონას” მიმდინარე სეზონში მეორედ ეძლევა შესანიშნავი შანსი, რომ “რეალთან” სხვაობა შეამციროს. პირველ შემთხვევაში, როდესაც “ბლანკოსი” გასვლაზე “ვალენსიასთან” დამარცხდა, კატალონიელებმა უშუალო კონკურენტთან დაწევის მშვენიერი შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს და სან-სებასტიანში “სოსიედადთან” დამარცხდნენ. ბედის ირონიით, “ბარსელონას” კვლავ ბასკეთში უწევს სტუმრობა, სადაც იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელით. “ბარსელონამ” ბოლო 5 მატჩიდან “სან მამესზე” მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა (2012 წელს), 3 მატჩი ფრედ ითამაშა და 1 წააგო. “ბლაუგრანა” დღევანდელ მატჩს კარგ ფორმაში ხვდება, “სოსიედადთან” წაგების შემდეგ კლუბმა 4 შეხვედრა მოიგო ლა ლიგაში, ხოლო ესპანეთის თასზე “ატლეტიკო” და “ელჩე”დაამარცხა ორ-ორჯერ. ლუის ენრიკე ტრავმების გამო ტომას ვერმაელენსა და დუგლასს მოისაკლისებს, რაც დიდი დანაკლისი არაა. პირველი წრის შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
შეხვედრას 37 წლის მატეუ ლაოსი განსჯის, რომელიც ლა ლიგის მატჩებს 2008 წლიდან უძღვება, ხოლო 2011 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.
სავარაუდო შემადგენლობები
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, გურპეგი, ლაპორტე, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, მ.რიკო, სუსაეტა, ბენიატი, მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, პიკე, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, ნეიმარი, სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: მატეო ლაოსი
აღნიშნული შეხვედრის გარდა, დღეს კიდევ ორი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კლუბები “სევილია” და “ვალენსია” საგარეო გამარჯვებების მოპოვებას ეცდებიან. “დალაქები” მადრიდში “ხეტაფეს” ეთამაშებიან, ხოლო “ღამურები” ბარსელონაში “ესპანიოლს” შეეტოქებიან და რევანშის აღებას ეცდებიან (“თუთიყუშებმა” “ლოს ჩე” ესპანეთის თასის 1/8 ფინალიდან გამოაგდეს).
20:00 ხეტაფე – სევილია
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა, ნალდო, აროიო, ველაზკესი, ლაგო, ხ.როდრიგესი, დ.კასტრო, სარაბია, სამირი, ჰინესტროზა, ალვარო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
დააკლდებიან: გუაიტა, იოდა, ვალერა, ლაფიტა, ბაბა, ესკუდერო.
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, ფ.ნავარო, ფიგეირაში, კრიშოვიაკი, მ’ბია, დ.სუარესი, ბანეგა, დეულოფეუ, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
დააკლდებიან: ბეტო, ტრემულინასი, რეიესი, გამეირო, კრისტოფორო, კარისო, ვიტოლო, ა.ვიდალი
მსაჯი: ეტრადა ფერნანდესი
22:00 ესპანიოლი – ვალენსია
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-4-2): პაუ, ა.გონსალესი, კოლოტო, ფუენტესი, არბილია, კანიასი, ვ.სანჩესი, ვაზკესი, სევილია, სტუანი, ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
დააკლდებიან: კასილია, აბრაჰამი
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, ორბანი, მუსტაფი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, პარეხო, ა.გომეში, როდრიგო, ფეგული, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
დააკლდებიან: ოტამენდი, კანსელო
შენიშვნა: შემადგენლობები მოცემულია ესპანური გამოცემის Marca-ს მიხედვით.