ფეხბურთი

4:11 | 8.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” “რეალი” გაანადგურა

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკომ” შინ თანაქალაქელი “რეალი” მიიღო და სასტიკად გაუსწორდა.

მიმდინარე სეზონში “ელ დერბი მადრილენიო” მეექვსედ გაიმართა და “ატლეტიკომ” გამარჯვების მოპოვება მეოთხედ მოახერხა. გარდა იმისა, რომ ბოლო პერიოდში “ბლანკოსს” თანაქალაქელთან თამაში უჭირდა, კარლო ანჩელოტი ძირითადი შემადგენლობის ხუთ მოთამაშეს მოისაკლისებდა და ბევრი “ატლეტიკოს” გამარჯვებას ვარაუდობდა, თუმცა ის რაც გუშინ “ვისენტე კალდერონზე” ვიხილეთ, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა.

შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და მთელი მატჩის განმალობაში ასე გაგრძელდა. “როხიბლანკოს” წამით არ მოუდუნებია ყურადღება და იგრძნობოდა, რომ ერთი გუნდი მეორეს აშკარად აღემატებოდა. უნდა ითქვას, რომ “ატლეტიკოსთვის” დებიუტი მთლად კარგად არ წარიმართა, რადგან ერთ-ერთი ლიდერი კოკე დაშავდა და მე-10 წუთზე საულ ნიგუეზმა შეცვალა, რომელიც დერბის ერთ-ერთი გმირი გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის შემოსვლიდან ოთხ წუთში ანგარიში გაიხსნა, მარიო მანძუკიჩმა საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ტიაგოს დაუგორა ბურთი, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. უნდა ითქვას, რომ გაშვებული ბურთი იკერ კასილასის სინდისზეა, რომელსაც მოგერიება მართებდა. კიდევ ოთხ წუთში მასპინძლებმა შესანიშნავი შეტევა გაშალეს მარცხენა ფლანგიდან და გილერმე სიკეირას ჩაწოდების შემდეგ საულმა მაკრატელა დარტყმით სხვაობა გაზარდა. სტუმრებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ თუ არ ჩავთვლით ქარიმ ბენზემას ნახევარმომენტს, რომელიც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა.

მიუხედავად სასურველი ანგარიშისა, დიეგო სიმეონე სულაც არ აპირებდა დაცვაში ჩადგომას და მეორე ნახევარმაც მისი გუნდი კარნახით ჩაიარა. კარგი მომენტები შეექმნა ანტუან გრიზმანს, რომელმაც ორ სიტუაციაში ოდნავ ააცილა, ხოლო ერთხელ იკერ კასილასმა ივარგა. ფრანგმა შემტევმა გოლის გატანა მაინც მოახერხა, 67-ე წუთზე არდა თურანმა საჯარიმო ჩააწოდა, სადაც ყველას საულმა აჯობა და ბურთი თავით დაუგდო გრიზმანს, რომელმაც მესამედ დაამწუხრა კასილასი. ამ ეპიზოდში დაშავდა საული, რომელიც “ვისენტე კალდერონმა” აპლოდისმენტებით გააცილა და მის ნაცვლად მოედანზე რაულ გარსია გამოჩნდა, ხოლო 77-ე წუთზე ანტუან გრიზმანის მაგივრად ფერნანდო ტორესი შემოვიდა, რომელიც აქტიურად ჩაება შეხვედრაში და მცირე დროის მიუხედავად, სტუმართა დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა. 89-ე წუთზე ფერნანდომ ძალიან კარგად ითამაშა და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას მარიო მანძუკიჩმა დაასწრო და “რეალის” რბევას წერტილი დაუსვა – 4:0. “როხიბლანკო” 50 ქულით მე-3 ადგილზეა და “რეალს” 4 ქულით ჩამორჩება. იმ შემთხვევაში, თუ დღეს “ბარსელონა” ბილბაოში გაიმარჯვებს, “რეალთან” ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებს.

მეორე შემადგენლობით მოთამაშე “ვილიარეალმა” “გრანადას” უმასპინძლდა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. შუა კვირაში “ყვითელ წყალქვეშა ნავს” ესპანეთის თასზე “ბარსელონასთან” გასამართი 1/2 ფინალური შეხვედრა ელის, ამიტომაც მარსელინიო ტორალმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. ვალენსიელებს ნამდვილად გაუჭირდათ და სტუმრებს რამდენიმე ეპიზოდში გატანაც შეეძლოთ, მაგრამ შანსების გამოყენება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, 30-ე წუთზე მატეო მუსაჩიომ მორენოს გადაცემის შემდეგ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო 92-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და დენის ჩერიშევმა ხერარდო მორენოს ცარიელ კარში გაატანინა – 2:0.

“ლევანტემ” შინ “მალაგა” მიიღო და დიდი ანგარიში დაამარცხა. არადა, თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ. 24-ე წუთზე ანგარიში ხუანმიმ გახსნა, რასაც დავიდ ბარალის ჰეთ-თრიკი მოჰყვა. გამოცილმა ფორვარდმა 26-ე წუთზე შესანიშნავი გასროლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 37-ე და 62-ე წუთზე პენალტები შეასრულა ზუსტად. ანდალუსიელთა წვალებას ბოლო უჩემ მოუღო, რომელმაც 75-ე წუთზე გაუტანა კამენს – 4:1.

დღის ბოლო შეხვედრა “ანოეტაზე” გაიმართა, სადაც “სოსიედადმა” ვიგოს “სელტას” უმასპინძლა და ფრედ ეთამაშა. მასპინძელები დიდი ხნის განმალობაში აგირეჩეს გოლით იგებდნენ, თუმცა 85-ე წუთზე ნოლიტომ წონასწორობა აღადგინა - 1:1.

ატლეტიკო – რეალი 4:0 (2:0)


მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, მირანდა, გოდინი, ხუანფრანი, სიკეირა, ტიაგო, გაბი, კოკე (საული 10; რ.გარსია 71), თურანი, გრიზმანი (ფ.ტორესი 77), მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი (4-3-3): კასილასი, ვარანე, ნაჩო, კარვახალი, კოენტრაო, ხედირა (ხესე როდრიგესი 46), ისკო (ილარამენდი 68), კროოსი, რონალდუ, ბეილი, ბენზემა (ერნანდესი 73).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 ტიაგო (14), 2:0 საული (18), 3:0 გრიზმანი (67), 4:0 მანძუკიჩი (89).
გაფრთხილებები: გაბი, თურანი, რ.გარსია (მოედანს მიღმა), გოდინი, მანძუკიჩი – კროოსი, ხესე როდრიგესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 17(8)-4(1), ჯარიმა: 16-17, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-4

ვილიარეალი – გრანადა 2:0 (1:0)


ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, მუსაჩიო, დორადო, ხ.კოსტა, რუკავინა, ბ.სორიანო, ტრიგეირასი (ჯონათან დოს სანტოსი 68), მ.გომესი, კემპბელი (ჩერიშევი 61), გ.მორენო, ი.უჩე (ჯოვანი დოს სანტოსი 73).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, მაინცი, ბაბინი, ე.ინსუა, ნიომი, ფ.რიკო, რ.პერესი, პიტი, ბანგურა (კოლუნგა 77), იბანესი (კანდეიასი 46), კორდობა.
მწვრთნელი: აბელ რესინო

გოლები: 1:0 მუსაჩიო (30), 2:0 გ.მორენო (92).
გაფრთხილებები: დორადო, ჯონათან დოს სანტოსი – რ.პერესი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 9(6)-11(3), ჯარიმა: 12-18, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-4

ლევანტე – მალაგა 4:1 (2:1)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-2-3-1):
მარინიო, რამისი, დ.ნავარო, ი.ლოპესი, ტონიო, სიმაო, კამარასა, ხუმეტრა (რ.გარსია 70), ბარალი (ხოსე მარი 88), მორალესი, კ.უჩე (კასადედუსი 79).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ს.სანჩესი, ბოკა, როსალესი, რესიო (ჰორტა 65), კამაჩო, კასტილიეხო (ტისონე 78), ხუანმი, სამუელი, გერა (ამრაბატი 55).
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 0:1 ხუანმი (24), 1:1;2:1;3:1 ბარალი (26;37 პენ;62 პენ;), 4:1 კ.უჩე (75).
გაფრთხილებები: რამისი, კამარასა – ს.სანჩესი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 11(6)-4(3), ჯარიმა: 20-13, კუთხური: 2-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 2-2

სოსიედადი – სელტა 1:1 (1:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი (ელუსტონდო 82), ი.მარტინესი, ბერჩიჩი, ზალდუა, პარდო, გრანერო, ჩ.კასტრო (ზურუტუზა 69), კანალესი, პრიეტო, აგირეჩე (ფინბოგასონი 69).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ს.გომესი (ბონგონდა 65), ხონი, ა.ლოპესი, კრონ-დელი, ა.ფერნანდესი, მინა (პ.ერნანდესი 89), ნოლიტო, ლარივეი (ჩარლესი 80).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 აგირეჩე (8), 1:1 ნოლიტო (85).
გაფრთხილებები: მ.გონსალესი, გრანერო, აგირეჩე, ზალდუა, პარდო – ა.ფერნანდესი, ა.ლოპესი, კაბრალი, ხონი
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7(3)-12(3), ჯარიმა: 17-22, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 28. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 22. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 15. კარლოს ბაკა (“სევილია”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) - 12.

თეგებილა ლიგა
0.303194