საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გია გრიგალავამ ინტერნეტპორტალ championat.com-თან ინტერვიუში, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენა უარყო.
გია გრიგალავა: “აქამდე, “ანჟისთან” ჩემი ურთიერთობის ნიუანსებზე არასოდეს მისაუბრია. თუმცა, ახლა სიტუაცია ისეთ სტადიაზეა, რომ უბრალოდ გაჩუმება არ შემიძლია”.
- მზად ხართ მომხდარის საკუთარი ვერსია სიტყვა სიტყვით მოგვიყვეთ?
- “ანჟის” განცხადება სასაცილოა. ახლა იმაზე საუბრობენ, რომ 15 იანვარს სისხლის ანალიზში რაღაც აღმომიჩინეს. არადა, ანალიზების ჩაბარებიდან 4-5 დღეში გუნდის ექიმმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელი “სუფთაა”. თუმცა, მოგვიანებით ნაცნობები მაფრთხილებნენ: “გია ფრთხილად იყავი. ხალხი ყველაფერზე წამსვლელია”.
ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი. არ ვეწევი და არ ვსვამ, სხვა უფრო “სერიოზულ” რამეებზე ხომ საუბარიც არაა.
გაფრთხილებიდან ერთ დღეში შეგვამოწმეს. ვვარჯიშობდით და კლუბის გენერალური დირექტორი მოვიდა, რომელმაც მეორე გუნდის მწვრთნელს დაუძახა და უთხრა: “ახლა ყველა მოთამაშე გასახდელში წავა და შარდის ანალიზს ჩააბარებს”.
ამის შემდეგ წავიდა. როგორც მახსოვს მწვრთნელი გასახდელში არ იყო. შემოწმება ისეთი დონის იყო, რომ თითქოს რკინიგზის სადგურზე ვიმყოფებოდით. მუშაკებს, რომლებიც პროცედურისთვის მოსულიყვნენ თან არაფერი ჰქონდათ – ჩაის ჭიქებში მოვშარდეთ, რომელიც მასაჟისტს გამოართვეს.
ტესტებზე უარი არ მითქვამს. თუმცა, გამეღიმა: “ეს რა ჭიქებია? სასაცილო ანალიზები გაქვთ”. ჩემს თავში მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი. ანალიზი ერთ-ერთმა ბოლომ ჩავაბარე. ბიჭების უმრავლესობის ანალიზები გადაღვარეს და ტესტერები გადააგდეს. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, მათ ტესტერი აიღეს და ჯიბეში ჩაიდეს. მე ვთქვი: “ექიმო ჩემი ტესტერი დამიბრუნეთ, თქვენ ხომ სხვების გადაყარეთ!”. ქალმა მიპასუხა: “წადი, ეს შენ არ გეხება”. ამას მთელი გუნდი დაადასტურებს. მოსულებმა მითხრეს, რომ მათ გავყოლოდი. მე ვუპასუხე: “არა, ახალგაზრდებო, არსად გაგყვებით. მესმის აქ ადგილი რა ხრიკებსაც აქვს. თუმცა, მზად ვარ, რომ დღესვე მოსკოვში გადავფრინდე და ყველა ანალიზები ჩავაბარო. სიცრუის დეტექტორისთვისაც მზად ვარ. ცხოვრებაში აკრძალული არაფერი მომიხმარია. გინდა 5 წლის წინ შეამოწმეთ, გინდა 10-ის და გინდა 20-ის”.
მათ მითხრეს: “არა, რა მოსკოვი? სანამ ჩვენ იქ ჩავალთ, შესაძლოა, რაც მიიღე 3-4 დღეში ორგანიზმიდან გამოვიდეს”. მე ვუპასუხე: “ჯერ ერთი არაფერი მიმიღია. მეორეც ანალიზებისთვის მზად ვარ, მაგრამ თქვენთან არა. თქვენი ორგანიზაცია საეჭვოდ მეჩვენება. საერთოდ, საიდან ხართ?”. ვიღაც ბიჭმა მიპასუხა: “თქვენმა გენერალურმა დირექტორმა დაგვირეკა და მოსვლა გვთხოვა”. მას მერე, რაც მათთან ერთად წასვლა ვიუარე, უბრალოდ გაბრუნდნენ და წავიდნენ. გუნდში ბიჭები მიხვდნენ, რომ მათ მხოლოდ მე ვჭირდებოდი. მათ ანალიზებისთვის ფორმალურად დაუძახეს. ყველაფერი “თეთრი ძაფებით” შეკერილი იყო.
- “ანჟიში” თქვეს, რომ ამის მერე გაქრით და ტელეფონს არ პასუხობდით...
- არსად გავმქრალვარ. მეორე დღეს ვივარჯიშე და მესამე დღესაც. თუმცა, ჩემთან არავინ მოსულა. ტელეფონი 24 საათი ჩართული მქონდა. ხალხმა ვინც მიცნობს. მხარი დამიჭირა. ყველას ესმის, რომ ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა.
- ამას რა აზრის აქვს?
- ყველა პრობლემა “ანჟისთან” ჩემს სამუშაო ხელშეკრულება უკავშირდება. კონტრაქტის პირობების გაუარესებაზე არ ვთანხმდები. ამის გამო მეორე გუნდში გამიშვეს. შემდეგ ჩემთვის დამატებითი დატვირთვები მოიგონეს. პრობლემა არაა – დავრბივარ. ალბათ, ეს ყველაფერი მოწყინდათ, რადგან მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს.
- ამის შემდეგ რა გააკეთეთ?
- მოსკოვში ანალიზების ჩასაბარებლად გავფრინდი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არავის გაუშვივარ. თუმცა, შემთხვევით თვითმფრინავში კლუბის გენერალურ დირექტორს შევხვდი. ჩემი დანახვით შოკში ჩავარდა. გაფრენამდე 5 წუთით ადრე მკითხა: “რატომ მიფრინავ?”. ამის შემდეგ, ცოტა ხანში “ანჟის” ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმომიჩინეს. ვიმეორებ, რომ ნებისმიერი ანალიზებისთვის და სიცრუის დეტექტორისთვის მზად ვარ. სხვები ამისთვის მზად არიან? არ ვიცი საიდან რა უნდა შემყროდა? ჰაერიდან? საკვებიდან? წყლიდან? ეს მათ კარგად იციან, რადგან დროის 90 პროცენტს “ანჟი-არენაზე” ვატარებ, სადაც ვიკვებები. ხომ არსებობს ტესტები რომლებიც აჩვენებს, ჩემს ორგანიზმში საიდან რა მოხვდა. ბოლო დროს “ანჟის” ტერიტორიაზეც არ ვჭამ, სხვაგან დავდივარ. სტადიონზე ჩემს ოთახშიც არ ვრჩები, რადგან აზრს ვერ ვხედავ. აქამდე, ეს ხალხი თვალებში მიცინოდა, ხოლო ახლა ასეთი რამ ხდება. ამიტომ, მხოლოდ ვარჯიშებზე დავდივარ, რომელთა დასრულების მერე სტადიონს მაშინვე ვტოვებ.
- მახაჩყალაში ტესტების ჩაბარება რატომ იუარეთ?
- იმიტომ, რომ ადგილობრივ სისტემას არ ვენდობი. რამე რომ მქონოდა, როგორ ფიქრობთ მოსკოვში გავფრინდებოდი? თმა ჩავაბარე, რომლის ტესტს შეუძლია ყველაფერი აჩვენოს, რაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მიმიღია. ჩემს თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ამას რატომ გავაკეთებდი. არ მესმის რას ფიქრობდა ხალხი, რომლებმაც ასეთი ნაბიჯები გადადგეს. მთელ ქვეყანას მოსდეს ეს ინფორმაცია, ლამის ნარკომანად გამომიყვანეს. არც მახსოვს ფეხბურთში მსგავსი პრეცენდენტები თუ ყოფილა.
- მოსკოვში ჩატარებული ანალიზების პასუხი მზად როდის იქნება?
- დაახლოებით ათ თებერვალს.
- იანვარში თითქოს თქვენი შეძენა “ამკარს” სურდა. დღემდე, იმ გუნდში რატომ არ ხართ?
- პირობებზე ვერ მოვილაპარაკეთ. თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა. ახლა, ჩემთვის მთავარია გავიგო ეს ისტორია რით დასრულდება.
“ანჟის” გენერალურმა დირექტორმა სერგეი კორაბლიოვმა კლუბის ვებგვერდზე გრიგალავასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ყველას ვთხოვთ შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ რაიმე ნეგატიური კომენტარებისგან როგორც ფეხბურთელის, ასევე, კლუბის მისამართით. გია გრიგალავა “ანჟის” მოთამაშეა და სიმართლის დასადგენად ყველაფერს გავაკეთებთ, თან მაქსიმალურად გამჭვირვალედ. “ანჟი” რუსეთის საფეხბურთო და სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. მათ შორის რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტო “რუსადას” და ფეხბურთელთა პროფკავშირებს ჩავრთავთ. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს, ამ შემთხვევაში ნარკოკონტროლის მოთხოვნით კეთდება”.