ფიბა-ს ევროპას ოფიციალური ვებ-გვერდი ამჯერად საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ლიდერ თორნიკე შენგელიას შეეხმიანა და მომავალი ბატალიების შესახებ კომენტარი სთხოვა. შეგახსენებთ, რომ წლეულს ევროპაში მთავარი საკალათბურთო მოვლენა ევრობასკეტ-2015 იქნება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია იქნებიან. შენგელია მნიშვნელოვანი ტურნირის წინ, იმედიანადაა განწყობილი.
“არ ვიცი, ჩვენგან ვინ რას ელის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მატჩში 200%-ით დავიხარჯებით. ზაგრებში მაღალი კლასის გუნდები იქნებიან შეკრებილნი, მაგრამ მჯერა, რომ თუკი ყველა კალათბურთელი მწყობრში იქნება, მათ სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ.
სლოვენიის წინააღმდეგ მითამაშია და მათი ძალა კარგად ვიცი. ხორვატიასთან საასპარეზოდ პირველად გავალ, თუმცა, გასულ ევრობასკეტზე მათ დასამარცხებლად ცოტა დაგვაკლდა. საერთოდაც, ვფიქრობ, ჩვენს ჯგუფში მატჩების უმეტესობაში გამარჯვეულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვევა.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავარია, ბიჭები ჯანმრთელად იყვნენ. ამ შემთხვევაში, პლეი-ოფში გასვლა რეალური იქნება, იქ კი, მოვლენები როგორ განვითარდება, ძნელი სათქმელია. ჩვენი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე მოხვედრაა. ეს, ყველა სპორტსმენის მიზანია. ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ყველაფერი პირველი ზაგრებული თამაშითYდავიწყოთ.
გასულ ევრობასკეტზე წარუმატებლობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ სლოვენიასთან და ხორვატიასთან მატჩები სულ ბოლოსკენ დავთმეთ, ეს კი, ნებისმიერ გუნდზე უარყოფითად იმოქმედებდა. პლიუს ამას, ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია დაშავებული იყო. ტრავმის გამო, გუნდს მეც ვერ ვეხმარებოდი.
იმედია, ახლა, ყველაფერი წესრიგში იქნება, ჩვენი ნაკრების მთავარი პლიუსი კი ის უნდა იყოს, რომ 7-8 წელია ერთად ვთამაშობთ. შემადგენლობა ფაქტობრივად არ შეცვლილა და მწვრთნელიც იგივე გვყავს. იმ პირობებში, რომ სანაკრებო შეკრება არც ისე დიდ ხანს გრძელდება, აღნიშნული ძალიან უნდა წაგვადგეს.
ჩვენთან ბიჭები ნაკრებში დიდი სიხარულით მოდიან. ეს, ჩემთვისაც დიდი პატივია. უდიდესი სიამოვნებაა, როდესაც შენს ქვეყანას ეხმარები და ამასთან, ეროვნულ გუნდში თამაში მეც დამატებით გამოცდილებას მაძლევს”.