ფეხბურთი

13:11 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გატეხავს ნავსს “რეალი”?

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს ჩვენი დროით 19:00 საათზე “ვისენტე კალდერონზე” შედგება – “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ. “ელ დერბი მადრილენიო” განსაკუთრებული მოვლენაა ფეხბურთის მოყვარულთათვის, რომელსაც მიმდინარე სეზონში მეექვსედ ვიხილავთ.

დიდი ხნის განმალობაში მადრიდული დერბი “რეალის” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. 1999 წლიდან მოყოლებული 2013 წლის 17 მაისამდე “ატლეტიკოს” დამარცხებული არ ჰყავდა საძულველი მეტოქე. ნახსენებ დღეს “როხიბლანკომ” ესპანეთის თასის ფინალის დამატებით დროში დაამარცხა “რეალი” და ტიტული მოიპოვა. აქედან მოყოლებული, “ატლეტიკო” თანაქალაქელს ნელ-ნელა გაუთამამდა და ბოლო შეხვედრებში დაჩაგრა კიდეც. აღნიშნული მატჩის შემდეგ, კლუბები ერთმანეთს 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 4-ჯერ “ატლეტიკომ” იმარჯვა, 3 ფრედ დასრულდა და 3-ჯერ “რეალი” გამოვიდა გამარჯვებული (ჩემპიონთა ლიგის ფინალის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა). მიმდინარე სეზონში თანაქალაქელები ერთმანეთს მეექვსედ შეეტოქებიან. წინა 5 დაპირისპირებიდან 3 “როხიბლანკოს” გამარჯვებით დასრულდა და 2 ფრედ. ლა ლიგის პირველი წრის შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. “ატლეტიკო” მე-10 წუთზე ტიაგო მენდეშის გოლით დაწინაურდა, რასაც 26-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუს ზუსტი პენალტი მოჰყვა, ხოლო საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა არდა თურანმა დააფიქსირა.

“ატლეტიკო” ლა ლიგაში 21 ტურის შემდეგ 47 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს და ლიდერ “რეალს” 7 ქულით ჩამორჩება. დღეს გამარჯვების შემთხვევაში დიეგო სიმეონეს კრებული საჩემპიონო ბრძოლაში კვლავ ჩაერთვება. “როხიბლანკომ” უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 მოიგო და გასვლაზე “ბარსელონასთან” დამარცხდა. მასპინძლებს ტრავმირებული არდა თურანი და კრისტიან ანსალდი დაუბრუნდათ და დღევანდელ დერბის დანაკლისის გარეშე ხვდებიან.

მასპინძელთაგან განსხვავებით, შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება “რეალი”. ლუკა მოდრიჩი და პეპე რომ არ იქნებოდნენ, დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, თუმცა შუა კვირაში “სევილიას” გამართულ შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულა კარლო ანჩელოტის გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდა და ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე გამოაკლდა. ტრავმების გამო “ბლანკოსს” სერხიო რამოსი და ხამეს როდრიგესი არ ეყოლებათ, ხოლო მარსელომ მიმდინარე სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას უდრის. “თეთრების” ბანაკში კარგი სიახლე ისაა, რომ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ კლუბს პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ უბრუნდება. “რეალმა” ლა ლიგა გამართული ბოლო 5 შეხვედრა მოიგო. კლუბი “ბარსელონას” ოთხი, ხოლო “ატლეტიკოს” შვიდი ქულით ასწრებს.

დღეს 208-ე მადრიდული დერბი გაიმართება. აქამდე ჩატარებული შეხვედრებიდან 106 “რეალის” გამარჯვებით დასრულდა, 49 ფრედ, ხოლო 52 მატჩი “ატლეტიკოს” სასარგებლოდ დასრულდა. ლა ლიგაში კლუბები 155-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს, საიდანაც 85-ჯერ “რეალმა” მოიგო, 37-ჯერ “ატლეტოკომ” და 33-ჯერ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი 41 წლის ფერნანდეს ბორბალანი იქნება, რომელიც 2004 წლიდან უძღვევა ლა ლიგის შეხვედრებს, ხოლო 2010 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.

სავარაუდო შემადგენლობები (Marca-ს მიხედვით)

ატლეტიკო (4-4-2):
მოია, მირანდა, გოდინი, ხუანფრანი, სიკეირა, ტიაგო, გაბი, თურანი, კოკე, გრიზმანი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი (4-3-3): კასილასი, ვარანე, ნაჩო, კოენტრაო, კარვახალი, ხედირა, კროოსი, ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ტურის სხვა მატჩების ანონსი იხილეთ ამ ბმულზე

თეგებილა ლიგა
0.113616