გიბრალტარში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული აშშ-ს სახელით მოთამაშე ჰიკარუ ნაკამურა (2776) გახდა, რომელმაც ათ ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და მთავარ პრიზთან ერთად 20 ათასი გირვანქა სტერლინგიც დაისაკუთრა.
ნაკამურამ მე-2 ადგილზე გასულ ინგლისელ დევიდ ჰოუელს (2670) 0.5 ქულით გაუსწრო, მე-3 პოზიცია კი ქალთა ჭადრაკის ერთ-ერთ უძლიერეს წარმომადგენელ იიფან ჰოუს (2673) ერგო, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა.
ქართველი მოჭადრაკეებისთვის The 2015 Tradewise Gibraltar Chess Festival-ს წარმატებული დასასრული ნამდვილად არ ჰქონია. ბელა ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით რუს ალექსანდერ მოტილევთან (2665) წააგო და 6.0 ქულით 64-ე ადგილი დაიკავა.
ლელა ჯავახიშვილი (2486) თეთრებით ფრანგ ედუარდ რომეინთან (2638) დამარცხდა და 5.5 ქულით 75-ე პოზიციამდე დაქვეითდა, სალომე მელიამ (2473) კი ასეთივე მონაგარით 70-ე შედეგი აჩვენა. ამ უკანასკნელმა დასკვნით პარტიაში შავებით ვენესუელელ ანდრეს გერერო ვარგასს (2320) სძლია.