ტრანსფერები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და იგი გულშემატკივრებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. ზაფხულის სამთვიან, მარათონულ ვაჭრობას ზამთრის სატრანსფერო პერიოდი ხმაურიანი ტრანსფერებით ვერ უტოლდება, მაგრამ სეზონის შუაშიც საკმაოდ საინტერესო და კარგი ტრანსფერები იჩარხება.
“მსოფლიო სპორტი” დღეს წარმოგიდგენთ 2015 წლის იანვრის თვეში განხორციელებულ 13 ყველაზე საინტერესო ტრანსფერს, მოგითხრობთ იმ ფეხბურთელების შესახებ, რომელთაგანც ახალ გუნდებში ალბათ, გაცილებით მეტს მოელიან, ვიდრე სხვა ფეხბურთელებისგან.
დელეი სინკგრავენი (ჰოლანდია, “ჰერენვენიდან” “აიაქსში”) – მოკრძალებული “ჰერენვენის” 19 წლის ნახევარმცველით დელეი სინკგრავენით საკმაოდ ბევრი გუნდი ინტერესდებოდა. ახალგაზრდა ნიჭიერმა მოთამაშემ საბოლოოდ, ამსტერდამის “აიაქსი” აირჩია. სინკგრავენმა ერედივიზიონის პირველ წრეში 20 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო. ახლა კი მოხვდა იქ, სადაც წესითა და რიგით საფეხბურთო თვალსაზრით უფრო უნდა განვითარდეს.
ლუკას ოკამპოსი (არგენტინა,”მონაკოდან” “მარსელში”) – საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი “მონაკოდან” “მარსელში” ლუკას ოკამპოსის გადასვლა გახლდათ. 20 წლის არგენტინელი მონეგასკური კლუბის ლიდერი ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში იყო. მარსელო ბიელსამ ნიჭიერი შემტევის დაყოლიება მოახერხა და ახლა ოკამპოსი თავისი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას “ველოდრომზე” შეეცდება.
ანდრეი კრამარიჩი (ხორვატია, “რიეკადან” “ლესტერში”) – 23 წლის ხორვატით ანდრეი კრამარიჩით ევროპული გრანდები ინტერესდებოდნენ. საბოლოოდ, ბალკანელმა ფორვარდმა ინგლისური “ლესტერ სიტი” აირჩია. ალბიონურ გუნდს მისი შეძენა 13 მილიონი ევრო დაუჯდა. კრამარიჩისგან პრემიერლიგაშიც იგივე შედეგიანობით თამაშს ელიან, როგორსაც ხორვატი სამშობლოში აჩვენებდა.
გაბრიელ პაულისტა (ბრაზილია, “ვილიარეალიდან” “არსენალში”) – გაბრიელ პაულისტამ ბოლო სეზონ ნახევარი “ვილიარეალში” წარმატებულად ითამაშა. 24 წლის ბრაზილიელი კი ამიერიდან ლონდონის “არსენალში” შეეცდება წარმატებულ ასპარეზობას. არსენ ვენგერი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
კევინ კამპლი (სლოვენია, “ზალცბურგიდან” “დორტმუნდში”) – ავსტრიული “ზალცბურგის” 24 წლის ნახევარმცველი კევინ კამპლი “დორტმუნდმა” შეიძინა. გერმანულმა გუნდმა სლოვენიელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გაიღო. იურგენ კლოპი ახალგაზრდა ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს. ბევრი კი მასში მარკო როისის შემცვლელსაც ხედავს.
ენცო პერესი (არგენტინა, “ბენფიკადან” “ვალენსიაში”) – აწ უკვე გასრულებული სატრანსფერო პერიოდის ყველაზე ძვირადშენაძენი ფეხბურთელი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნახევარმცველის სანაცვლოდ “ვალენსიამ” ლისაბონის “ბენფიკას” 25 მილიონი ევრო გადაურიცხა. პერესისგან “ღამურების” ნახევარდაცვის შედუღებას ელიან. ამის შესაძლებლობა სამხრეთამერიკელს ნამდვილად გააჩნია.
მატია დესტრო (იტალია, “რომადან” “მილანში”) – იტალიის ნაკრების წევრობის კანდიდატი მატია დესტრო ამიერიდან გატანას “მილანისთვის შეეცდება. ფეხბურთელმა რომში ორ წელზე მეტი დაჰყო და მიუხედავად იმისა, რომ მიცემულ სათამაშო დროს საკმაოდ კარგად იყენებდა ფრანჩესკო ტოტის კონკურენცია ვერ დაძლია. 23 წლის თავდამსხმელს კი ახლა ჩინებული შანსი აქვს თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს. დესტრო “როსონერიმ” იჯარით აიყვანა, თუმცა ზაფხულში მისი გამოსყიდვა 16 მილიონ ევროდ შეეძლება.
შერდან შაქირი (შვეიცარია, “ბაიერნიდან” “ინტერში”) – შვეიცარიის ნაკრების ლიდერმა მიუნხენის “ბაიერნის” ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ერთი თვის წინ კი რობერტო მანჩინიმ მას “ინტერში” უხმო. “სან სიროზე” მასზე დიდ იმედს ამყარებენ და უკვე განიხილება გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად.
მანოლო გაბიადინი (იტალია, “სამპდორიადან” “ნაპოლიში”) – აპენინზე ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ შემტევად აწ უკვე “ნაპოლის” თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი მიიჩნევა. 23 წლის ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი წარმატებულად გაატარა გენუის “სამპდორიაში”. რაფაელ ბენიტესის გუნდმა იგი გენუელებისგან და ტურინის “იუვენტუსისგან” გამოისყიდა. თავისთავად გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ “იუვე” გაბიადინის საკმაოდ მარტივად შეელია.
მარტინ ოდეგარი (ნორვეგია, “სტრომგოდსეტიდან” “რეალში”) – 16 წლის თინეიჯერი ნორვეგიელის შეძენა ევროპის თითქმის ყველა სუპერკლუბს სურდა. საბოლოოდ, ამ ბრძოლაში გამარჯვება მადრიდის “რეალს” დარჩა, რომელმაც ოდეგარს საკმაოდ მაღალი ხელფასიც დაუნიშნა. ფეხბურთელი პირველ ეტაპზე “რეალის” მეორე გუნდში ითამაშებს. სკანდინავიელი მოთამაშე კი დღესდღეობით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება.
ანდრე შურლე (გერმანია, “ჩელსიდან” “ვოლფსბურგში”) – გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენა “ვოლფსბურგმა” მსოფილიოს ჩემპიონი ანდრე შურლეს სანაცვლოდ მისთვის საკმაოდ მსუყე თანხა 22 მილიონი გირვანქა გაიღო. ლონდონის “ჩელსი” კი 24 წლის ნახევარმცველის გასხვისებას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დათანხმდა. შურლესგან “ვოლფსბურგის” ლიდერობას ელიან.
ხუან კუადრადო (კოლუმბია, “ფიორენტინადან” “ჩელსიში”) – ლონდონის “ჩელსი” შურლეს კი შეელია, მაგრამ ზუსტად მის პოზიციაზე კოლუმბიელი ხუან კუადრადო დაიმატა. სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ ლონდონელებმა ფლორენციის “ფიორენტინას” 33 მილიონი ევრო გადაუხადეს და ეგვიპტელი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი დაუთმეს. კუადრადოსგან საკმაოდ ბევრს მოელიან. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ისეთ დიდ გუნდში, როგორც “ჩელსია”.
ვილფრიდ ბონი (კოტ დივუარი, “სუონსიდან” “მანჩესტერ სიტიში”) – 26 წლის კოტ დივუარელი ვილფრიდ ბონი ამიერიდან “მანჩესტერ სიტისთვის” გაიტანს. “ქალაქელებმა” უელსურ “სუონსის” 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. არნემის “ვიტესის” ყოფილმა ფორვარდმა პრემიერლიგაში 2014 წელს ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ფაქტია, რომ ახლა მას გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ თავისი თავი კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინოს.
რა თქმა უნდა წინასწარ არავინ იცის, ვინ რამდენად გაამართლებს მასში გადახდილ თანხასა თუ გაცემულ ავანსებს, მაგრამ ფაქტია, რომ ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელებს ამის უნარი შესწევთ. დანარჩენს კი მხოლოდ დრო გვიჩვენებს...