როგორც “სკაი სპორტი” იუწყება, “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. 31 წლის მოთამაშის აგენტმა დინორა სანტანამ ესპანურ პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა, რომელშიც პრაქტიკულად გამორიცხა ალვეშის “კამპ ნოუზე” დარჩენა.
“კლუბმა აგვიხსნა, რომ არ სურს დანი ალვეშთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ამიტომ ახალ გუნდს ვეძებთ”, – აღნიშნა სანტანამ.
დანი ალვეშს “ბარსელონასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მსურველ კლუბს ბრაზილიელით გაძლიერება სატრანსფერო თანხის გარეშე შეეძლება.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეში დანი ალვეშის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.