ფეხბურთი

16:53 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე: “ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა”
გაბელია 21-წლამდელებს დაუბრუნდა

ალექსანდრე ჩივაძის აზრით, საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ურთულესი ჯგუფი შეხვდა.

ამის შესახებ 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:

“ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის, შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებებს ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. მითუმეტეს, ესპანეთს, რომელსაც ყველა ასაკში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. შემიძლია ვთქვა, რომ 9 ჯგუფს შორის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

კალენდრით კმაყოფილი ვარ. როცა მეტოქეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პირდაპირ კონტაქტზე ვიყავი სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და ყველაფერი შეთანხმებულად გავაკეთეთ.

რა თქმა უნდა, მუშაობას დღეიდან შევუდგებით და მარტში უკვე ამხანაგურ თამაშს დავგეგმავთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში სიახლეა. ბატონი ოთარ გაბელია ამ შესარჩევ ციკლში ჩვენთან ერთად იმუშავებს“, - განაცხადა ჩივაძემ.

გაბელია 21 წლამდელთა ნაკრებს 2009-2011 წლებში წვრთნიდა და თანამდებობდა 2011 წლის 1-ელ სექტემბერს ქუთაისში ესპანეთის ნაკრებთან 2:7 წაგების მერე დატოვა. მის გარდა ჩივაძეს კვლავ დაეხმარება გელა ინალიშვილი, ხოლო მეკარეების მწვრთნელი ისევ დავით გვარამაძე იქნება.

გაგაცნობთ საქართველოს 21-წლამდელთა მატჩების განრიგს:

2015 წელი

3 ივნისი: სან-მარინო - საქართველო

3 სექტემბერი: ხორვატია - საქართველო

7 ოქტომბერი: საქართველო - ესპანეთი

13 ოქტომბერი: საქართველო- ესტონეთი

13 ნოემბერი: ესპანეთი - საქართველო

17 ნოემბერი: საქართველო - შვედეთი

2016 წელი

23 მარტი: საქართველო - სან-მარინო

ივნისი: შვედეთი - საქართველო

1 სექტემბერი: ესტონეთი - საქართველო

6 სექტემბერი: საქართველო - ხორვატია

რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.

0.124255