ფეხბურთი

11:42 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო ბიუჯეტში 369600 ლარი დააბრუნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ საქართველოს მასშტაბით საფეხბურთო მინდვრების მოსაწყობად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებულზე 392400 ლარით მეტი დაიხარჯა.

მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახურმა ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი დოკუმენტაცია გადაუგზავნა, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბიუჯეტში 369600 ლარი დაუბრუნა.

აქვე გეტყვით, რომ საქმე 2011-2012 წლებში გაკეთებულ სტადიონებს ეხება, როდესაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლადო ვარძელაშვილი ხელმძღვანელობდა.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011-2012 და 2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი: 2011-2012 წლებში სპორტის სამინისტროსთვის ფეხბურთის მოედნების მშენებლობის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სამინისტროს მიერ გადაცემულია ფეხბურთის ფედერაციაზე, ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ სამუშაოებზე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან. დადგინდა, რომ აღნიშნულ სტადიონებზე ჩატარებულ სამუშაოებზე ბიუჯეტიდან ზედმეტად დახარჯულია 392 400 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ანგარიშის პროექტის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონების მშენებლობაზე ზედმეტად დახარჯული თანხებიდან ბიუჯეტში დააბრუნა 369 600 ლარი”, - იუწყება სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ფინანსურ დარღვევასთან დაკავშირებით მიმართავს თუ არა აუდიტის სამსახური შესაბამის სამსახურებს, ამას ხსენებული უწყება მოგვიანებით გადაწყვეტს.

0.119941