ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა და მარცხი განიცადა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა მეტოქე ბელარუსს უმთავრესი ვარსკლავი ვიკტორია აზარენკა აკლდა, გამარჯვებულის ბედი უკვე ერთეულთა მატჩების თავზე გაირკვა.
თავდაპირველად, ბუდაპეშტის Syma Event and Congress Center-ის კორტზე ეკატერინე გორგოძემ ოლგა გოვორცოვასთან 1:6, 3:6 წააგო, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების ლიდერი სოფო შაფათავა ალიაკსანდრა სასნოვიჩთან 1:6, 6:4, 5:7 დამარცხდა.
ბელარუსების მხარეს იყო უპირატესობა წყვილთა შეხვედრაშიც. იმავე სასნოვიჩმა და ვერა ლაპკომ შაფათავას და ოქსანა კალაშნიკოვას 6:3, 6:4 სძლიეს.
საბოლოოდ, 0:3, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ ჩოგბურთელებს ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ.
5 თებერვალს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას ეთამაშება, რომელიც ბულგარეთთან ასევე 0:3 განადგურდა.