ფეხბურთი

17:33 | 4.02.2015 | ნანახია 196 - ჯერ

“იზვესტია”: “ლოკომოტივისა” და ანანიძის წარმომადგენლები შეხვდნენ

მოსკოვის “ლოკომოტივს” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის დამატება სურს.

გაზეთ “იზვესტიას” ინფორმაციით, მოსკოვური კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენლებმა წინასწარი მოლაპარაკება უკვე გამართეს.

“ლოკომოტივს” ანანიძის კონტრაქტის გამოსყიდვა და ფეხბურთელის მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით “როსტოვში” გაშვება სურს.

თავის მხრივ, “სპარტაკი” 22 წლის ქართველის გასაშვებად მზადაა, მაგრამ მხოლოდ იჯარით. მოსკოველები თავიანთ პოზიციას საბოლოოდ მაშინ დააფიქსირებენ, რაც ანანიძის თაობაზე სხვა გუნდებისგან წინადადებებს ოფიციალურად მიიღებენ.

“სპარტაკის” ყოფილი ფეხბურთელის ვალერი კეჩინოვის აზრით, თუ ანანიძეს სათამაშო პრაქტიკა არ ექნება, კლუბში მის დარჩენას აზრი არ აქვს:

“ჯანო ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია რუსეთის ჩემპიონატის პრაქტიკულად ყველა გუნდის შემტევ ხაზს კრეატიულობა შემატოს. მსურს, რომ ჯანომ “სპარტაკის” შემადგენლობაში თამაში გააგრძელოს, მაგრამ სჩანს მურატ იაკინის ტაქტიკურ სქემაში ვერ ჯდება. ამიტომ, ალბათ, ანანიძე კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. თუ სასტარტო შემადგენლობაში თამაშის არავითარი შანსი ექნება, “სპარტაკში” მის დარჩენაში აზრს ვერ ვხედავ. არა მგონი, რომ ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე რამე შეიცვალოს”.

აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის “ლოკომოტივში” ანანიძის სავარაუდო გადასვლის შესახებ ინფორმაცია რუსულ პრესაში გასული წლის მიწურულსაც გავრცელდა, მაგრამ ის თავად ხსენებული კლუბის მესვეურებმა უარყვეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.083823
196