კალათბურთი

15:08 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ქონიას საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა საწყისი 3 მატჩიდან 2 მოიგო და მორიგ ტურში ლიტვას შეხვდა, თუმცა დიდსხვაობიანი მარცხი იწვნია და ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის შანსი დაკარგა.

ქართველმა 16-წლამდელებმა ლიტველებს პირველ მეოთხედში ღირსეული ბრძოლა გაუმართეს და 10-წუთეული 13:19 დათმეს, თუმცა მეორე პერიოდიდან ბალტიისპირელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 16 ქულით იგებდნენ – 42:26.

მეორე ტაიმში ლიტველებმა კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერობა და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 100:53 იმარჯვეს. ბალტიისპირელებს 18 ქულით და 10 მოხსნით გრანტას ვასილიუსკასმა ულიდერა. საქართველოს ნაკრებში 16 ქულით საუკეთესო ნიკა ჩეჩელაშვილი გახლდათ, გოგა ბითაძემ კი 12 მიითვალა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ლატვიასთან გამართავს, რომელთან ერთადაც ამ მომენტისთვის მე-3 ადგილს იყოფს. ამ მატჩის გამარჯვებული ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და ბრძოლას მეორე ჯგუფის III-IV გუნდებთან ერთად ტურნირზე V-VIII ადგილების დასაკავებლად განაგრძობს.

16-წლამდელთა თურქეთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი. 3 თებერვალი. კონია

ლიტვა 100:53 საქართველო

0.11411