3 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც "ავერსი" იღებს ვალდებულებას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს, ვეტერან ოლიმპიელებს გაუწიოს უფასო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით. აღნიშნულ თანამშრომლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
"ავერსის" კლინიკაში ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, "ავერსის კლინიკის" გერენარული დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, გელა კეტაშვილი, კახი კახიაშვილი, შოთა ხაბარელი, ვაჟა კაჭარავა, რაფაელ ჩიმიშკიანი და გიორგი ასანიძე.
მანამდე კი ლერი ხაბელოვმა პაატა კურტანიძე, ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სეოკ-ის 25 წლის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.
"2009 წელს "ავერსსა" და სეოკ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ძალზედ წარმატებული პროექტი იყო და 2015 წელსაც სიამოვნებით ვაგრძელებთ თანამშრომლობა. ეს პროგრამა ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი სპორტსმენებისთვის და იმედია იგი 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე იმოქმედებს" - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
პაატა კურტანიძის თქმით, ისინი მოხარულნი არიან ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, რადგან ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის სამსახურში ყოფნა მათთვის დიდი პატივია.
შეხვედრის დასასრულს ვეტერანმა ოლიმპიელებმა საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და სეოკ-ის დიდი მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ამ პროგრამის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
www.geonoc.org.ge