ფეხბურთი

16:56 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავის საფეხბურთო აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა

დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. საქართველის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ქალაქ რუსთავში მშენებარე საფეხბურთო აკადემიას მისი სახელი მიენიჭა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქ რუსთავში ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ბორის პაიჭაძე ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის დროს, 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურში დაიბადა. სწორედ მისი სახელობისაა “დინამო არენას” სტადიონი, ხოლო დღეიდან მისი სახელი საფეხბურთო აკადემიასაც ეწოდება. ბორის პაიჭაძე 1936 წლიდან 1951 წლამდე თამაშობდა თბილისის “დინამოში.” ოფიციალური მონაცემებით 190 მატჩი ჩაატარა და 105 გოლი გაიტანა. ნაკლებად ცნობილი ფაქტია მისი მცირეხნიანი სამწვრთნელო კარიერა. 1953-1954 წლებში ბორის პაიჭაძეს თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 1990 წლის 9 ოქტომბერს 75 წლის ასაკში თბილისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ასევე გაცნობებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილ საღამოს რუსთაველის თეატრში გამართავს, კულტურის ცენტრ “მუზაში” კი ბორის პაიჭაძის ფოტოების გამოფენა გაიმართება და მასზე დაწერილი წიგნის პრეზენტაცია შედგება.

უეფას დახმარებით ქალაქ რუსთავში გრძელდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. დღეს სფფ-ს მაღალჩინოსნები რუსთავში მშენებარე აკადემიასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და საქართველოში ქართული ფეხბურთის წარსული დიდების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის სახელი საფეხბურთო აკადემიას მიანიჭეს. აღინიშნა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელების დაფასება პირველ რიგში მნიშვნელოვანი ფაქტია მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებისათვის.

შეგახსენებთ, საფეხბურთო აკადემიის ასაშენებლად რუსთავის მერიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 21-ე მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 8 ათასი კვ.მ. მიწა-ის ნ აკვეთი გამოუყო. აკადემიის კომპლექსში განთავსდება ადმინსიტრაციული და საცხოვრებელი შენობა, 6 საფეხბურთო მინდორი, დახურული დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, საცურაო აუზი და ასევე შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა.

ამ ეტაპზე სფფ-ს საფეხბურთო აკადემია ეროვნული გუნდის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ფუნქციონირებს. რუსთავში მიმდინარე მშენებლობის დასრულების შემდეგ სფფ-ს აკადემიის ფეხბურთელები ქვემოქართლის ქალაქში გააგრძელებენ მომზადებას.

0.15185