ინგლისი
გასულ უქმეებზე ევროპულ მინდვრებზე გამართული მატჩებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იგნლისის პრემიერლიგის პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდების, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება იყო. ამ გუნდების მწვრთნელები, ჟოზე მოურინიო და მანუელ პელეგრინი ერთმანეთს მეცამეტედ დაუპირისპირდნენ. განვლილ 12 შეხვედრაში, პორტუგალიელ სპეციალისტს დიდი უპირატეობა ჰქონდა - მან პელეგრინი 8-ჯერ დაამარცხა, თავად კი მხოლოდ 2-ჯერ წააგო. გასულ შაბათს კი მოურინიომ ჩილელი სპეციალისტის კიდევ ერთხელ დამარცხება ვერ მოახერხა.
„ჩელსი“ „სიტის“ ძალიან კარგი სერიით შეხვდა. ლონდონელებს, „სტემფორდ ბრიჯზე“, პრემიერლიგის ბოლო 10 თამაში მოგებული ჰქონდათ, ხოლო უკანასკნელ 5 მათგანში „არისტოკრატებმა“ კარის მშრალად შენახვაც მოახერხეს.
„ჩელსიმ“ ზედიზედ მე-11 საშინაო თამაშის მოგებისკენ ნაბიჯი 41-ე წუთზე გადადგა, როდესაც ლოიკ რემიმ ანგარიში გახსნა. ეს ნიშნავდა, რომ „სიტიმ“ გოლი პრემიერლიგის ზედიზედ მე-6 თამაშში გაუშვა, რაც 2012 წლის მაის-სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს. გოლი დავიდ სილვამ გაიტანა, რომელსაც, ინგლისში გადასვლის შემდეგ, საუკეთესო სეზონი აქვს. ესპანელმა შემტევმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავი უკვე მეშვიდედ გამოიჩინა. არცერთ სხვა გათამაშებაში მას ამაზე მეტი არ გაუტანია.
შეხვედრას დამატებით ინტრიგას ფრენკ ლემპარდის ფაქტორი სძენდა. 36 წლის ნახევარმცველს „ჩელსისა“ და „სიტის“ შორის გამართულ შეხვედრებში ყველაზე მეტი, 8 გოლი აქვს გატანილი. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელიც, ამჯერად, „ქალაქელთა“ მაისურით თამაშობდა და ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა, მე-9 გოლის გატანა ვერ მოახერხა.
„ჩელსის“ მიერ ქულების დაკარგვის მიზეზი შეტევაში ცუდი თამაშია. ლონდონელებმა მეტოქის კარი მიმართულებით მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს, რაც, პრემიერლიგაში, 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
„ჩელსისგან“ განსხვავებით, წარმატებული ტური ჰქონდა ასევე ლონდონურ „არსენალს“, რომელიც გუნდის გამოკვეთილი ლიდერის გარეშე თამაშობდა. „მეთოფეების“ ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი გატანილი გოლების, საგოლე გადაცემების, შექმნილი მომენტების, დარტყმებისა და დრიბლინგების რაოდენობით გუნდის ლიდერია. არსენ ვენგერის გუნდმა, ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად, იოლად იმარჯვა. „არსენალმა“ ცუდ ფორმაში მყოფ „ასტონ ვილას“ 5:0 მოუგო.
ეს თამაში ბირმინგემელებისთვის, პრემიერლიგაში, ზედიზედ მე-6 იყო, რომელშიც მათ გოლი ვერ გაიტანეს. „ასტონ ვილას“ ასეთი ცუდი სერია ისტორიაში პირველად აქვს. პოლ ლამბერტის გუნდს, 23 ტურის შემდეგ, მხოლოდ 11 გოლი აქვს გატანილი, რაც პრემიერლიგის ანტირეკორდია.
„ასტონ ვილას“ წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა მესუთ იოზილმა, რომელმაც ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. გერმანელ შემტევ ნახევარმცველს, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 2-2 გოლი და შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა და მან თავი ოთხივე შემთხვევაში „ასტონ ვილასთან“ გამოიჩინა.
ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა „მანჩესტერ იუნაიტედმა“. „წითელმა ეშმაკებმა“, „ლეიკესტერთან“ გამართული წინა შეხვედრის მსგავსად, დიდი უპირატესობა მალევე მოიპოვეს, მაგრამ ამჯერად, 3 ქულა ხელიდან არ გაუშვეს.
„ოლდ ტრაფორდზე“ ანგარიში რობინ ვან პერსიმ გახსნა, რომელმაც თანამემამულე დეილი ბლინდის გადაცემა გამოიყენა. პრემიერლიგაში 2009 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც როგორც საგოლე დარტყმის, ასევე შედეგიანი გადაცემის ავტორი ჰოლანდიელი ფეხბურთელია. 6 წლის წინა დირკ კუიტმა რაიან ბაბელს გაატანინა.
„ლეიკესტერმა“ კარში ზუსტად დარტყმა ერთადერთხელ მოახერხა და გოლიც გაიტანა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში, „ლეიკესტერის“ ფეხბურთელებმა „იუნაიტედის“ კარში 6-ჯერ დაარტყეს და ყველა მათგანი გოლით დაასრულეს.
1953/54 წლების სეზონის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც გუნდმა პირველი 11 გასვლითი თამაში წააგო. 62 წლის წინათ „ლივერპულის“ მიერ ნაჩვენები შედეგი „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ გაიმეორა, რომელიც უქულოდ, ამჯერად, „სტოკთან“ დარჩა. მასპინძელ გუნდს გამარჯვება ჯონათან უოლტერსმა მოუტანა. 31 წლის თავდამსხმელი „სტოკის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ თრიქი შეასრულა.
პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „ბარნლი“ ყველაზე სტაბილური შემადგენლობით გამოირჩევა. შონ დიჩმა უცვლელი თერთმეტეული ზედიზედ მე-9 თამაშში დააყენა. პრემიერლიგაში მსგავსი რამ აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს მომხდარა, როდესაც უცვლელი სასტარტო შემადგენლობით ზედიზედ 9-ჯერ „ბირმინგემმა“ ითამაშა.
ესპანეთი
ესპანური ფეხბურთისთვის ისტორიული თამაში გაიმართა სევილიაში, სადაც „სევილია“ „ესპანიოლს“ მასპინძლობდა. თამაშში ჩართვა ორივე გუნდის სათადარიგო მეკარეს მოუწია, რაც ლა ლიგაში 1990 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა. გოლი როგორც ძირითადმა, ასევე სათადარიგო მეკარეებმა გაუშვეს, ასეთი რამ კი პრიმერაში მანამდე არასდროს მომხდარა.
ყველა ტურნირის თამაშების გათვალისწინებით, ზედიზედ მე-8 შეხვედრა მოიგო „ბარსელონამ“, რომელმაც „ვილიარეალის“ 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
პირველ თებერვალს „კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმართა რუსმა შემტევმა, დენის ჩერიშევმა გახსნა. საინტერესოა, რომ ზუსტარ 17 წლის წინათ, 1998 წლის პირველ თებერვალს, „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ კარში გოლი დენისის მამას, დიმიტრი ჩერიშევს ჰქონდა გატანილი.
„ბარსელონასთან“ გასვლით შეხვედრაში ანგარიშის გახსნა „ვილიარეალს“ კარგად ჰქონდა დაცდილი. „ყვითელ წყალქვეშა ნავს“, 5 ასეთი შემთხვევიდან, მხოლოდ 1 ჰქონდა წაგებული, 3 კი მოგებული. თუმცა, ამჯერად, „ვილიარეალს“ პირველი გოლის გატანამაც ვერ უშველა.
„ბარსელონას“ გამარჯვება ლიონელ მესიმ მოუტანა. არგენტინელმა ვარსკვლავმა გოლი „კამპ ნოუზე“ გამართულ ზედიზედ მე-8 შეხვედრაში გაიტანა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.
„ბარსელონას“ გალიდერების საშუალებას არ აძლევს „რეალი“, რომელმაც ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო. თუმცა, „ბარსელონას“ მსგავსად, პირველი გოლი „რეალმაც“ თავად გაუშვა. იკერ კასილიასმა „სოსიედადის“ ფეხბურთელისგან ბურთი პირველივე წუთზე მიიღო. ლა ლიგაში „რეალს“ გოლი ასე სწრაფად 2011 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაშვებული.
„სოსიედადს“ რომ ანგარიშის გახსნის მიუხედავად იოლი თამაში არ ელოდა, ამას გუნდების ურთიერთშეხვედრების ბოლოდროინდელი სტატისტიკაც ცხადყოფდა. სან სებასტიანელებს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებულ ბოლო 4 თამაშში 18 გოლი ჰქონდათ გაშვებული. მადრიდელებმა მეტოქე არც ამჯერად დაინდეს და რულის 4-ჯერ გაუტანეს. ამრიგად, „სოსიედადი“ „მურსიას“ შემდეგ მე-2 გუნდი გახდა, რომელმაც „ბერნაბეუზე“ ჩატარებულ ზედიზედ 5 თამაშში 4 ან მეტი გოლი გაუშვა.
გერმანია
გასული უქმეების ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა „ვოლფსბურგის“ მიერ „ბაიერნის“ განადგურება იყო. მიუნხენურ გუნდს, ბუნდესლიგის მთელს პირველ წრეში, მხოლოდ 4 გოლი ჰქონდა გაშვებული. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა „მგლებთან“ გამართულ შეხვედრაში ამდენივე ბურთი მიიღეს.
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ერთ მატჩში 4 გოლი 2009 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. საინტერესოა, რომ მიუნხენელებს 4-ჯერ 6 წლის წინათაც „ვოლფსბურგმა“ გაუტანა.
ვოლფსბურგში გამართული შეხვედრა პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში პირველი გასვლითი თამაშია, რომელიც მისმა გუნდმა 3 ან მეტი ბურთის სხვაობით წააგო.
ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში წაგება განსაკუთრებული იყო „ბაიერნის“ კიდევ ერთი წარმომადგენლისთვის. მიუნხენელთა ბრაზილიელმა მცველმა, დანტემ, ბუნდესლიგაში, 38-ე გასვლითი თამაში ჩაატარა და მან მეტოქის მოედანზე პირველად წააგო.
გოლის გატანა კვლავ ვერ მოახერხა „ჰამბურგმა“. ამ გუნდს, პირველ 18 ტურში, მხოლოდ 9 ბურთი აქვს გატანილი. გერმანიის ჩემპიონატში ასეთი ცუდი შედეგი 1965/66 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
ცუდ ფორმაში მყოფი „მაინცისა“ და „პადერბორნის“ შეხვედრაში მასპინძელმა გუნდმა 5:0 მოიგო და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე გრძელი მოქმედი მოუგებელი სერია, 8 თამაში, ახლა უკვე „პადერბორნს“ აქვს.
სტუმრად თამაში კვლავ უჭირს „დორტმუნდს“. იურგენ კლოპის გუნდმა მეტოქის მოედანზე ზედიზედ მე-9 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა და ცხრილის ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.
იტალია
იტალიის სერია A-ში, 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „მილანმა“, რომელმაც მიმდინარე წელს 3 ქულა პირველად აიღო. „როსონერიმ“ „პარმა“ დაამარცხა და შეხვედრის პირველი გოლი, რა თქმა უნდა, ჟერემი მენეზმა გაიტანა. ბოლო სამ თამაშში, რომელშიც „მილანმა“ გოლის გატანა მოახერხა, ანგარიში სწორედ ფრანგმა შემტევმა გახსნა.
მენეზს, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 12 გოლი დაუგროვდა. 27 წლის ფეხბურთელს, აქამდე, ერთ სეზონში 9 გოლზე მეტი გატანილი არ ჰქონდა.
ჟერემი მენეზი „მილანის“ ლიდერად ჩამოყალიბდა. ფილიპო ინძაგის გუნდის მიერ გატანილი ბოლო 13 გოლიდან მან აქტიური მონაწილეობა 11-ში მიიღო. ფრანგმა 9-ჯერ თავად გაიტანა, 2-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა.
რაც შეეხება „პარმას“ – „ჯვაროსნებმა“, სერია A-ს ისტორიაში პირველად, ზედიზედ 8 გასვლითი თამაში წააგეს.
საკუთარ მოედანზე ზედიზედ 4 მოუგებელი თამაში ჩაატარა „რომამ“. „ჯალოროსის“ ასეთი ცუდი სერია 2005 წლის შემდეგ პირველად აქვს.
„რომამ“ მორიგი ქულები „ემპოლისთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში დაკარგა. ამ მატჩში მსაჯმა, პირველივე ტაიმში, ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა. სერია A-ში ასეთი რამ 2012 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხდა.
საფრანგეთი
საფრანგეთის ჩემპიონატი უხვგოლიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ ლიგა ერთის 23-ე ტურში გოლები განსაკუთრებით ჭირდა. 10 მატჩში მხოლოდ 10 ბურთი გავიდა. საფრანგეთის პირველობაზე ასეთი ცუდი შედეგი 2007 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში, ერთზე მეტი გოლი არცერთ გუნდს არ გაუტანია.
ტურის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ „რენს“ უმასპინძლა. ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც პარიზელები ლიგა ერთში საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ, მათი ძლევა სწორედ „რენმა“ მოახერხა. თუმცა, ამჯერად ეს აღარ მოხდა და ლორან ბლანის გუნდმა „პარკ დე პრენსზე“ ზედიზედ მე-11 წაუგებელი თამაში ჩაატარა. აღვნიშნავთ, რომ პსჟ საკუთარ მოედანზე განსაკუთრებით კარგად თამაშობს პარასკევ დღეს. დედაქალაქელებს კვირის ამ დღეს უკვე 18 თამაშია არ წაუგიათ.
„რენთან“ გამართულ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენს“ 3 ქულა ეზეკიელ ლავესიმ მოუტანა. ეს ნიშნავს, რომ პსჟ-ს მიერ ლიგა ერთში გატანილი ბოლო 8 გოლი 8 სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა.
საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო „მარსელმა“, რაც 1948 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მარსელო ბიელსას გუნდს ანდრე-პიერ ჟინიაკმა მოაგებინა, რომელმაც „ევიანს“ ზედიზედ მე-5 თამაშში გაუტანა.
ჰოლანდია
ჰოლანდიის ჩემპიონატში, 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა „აიაქსმა“, რომელიც უქულოდ „ვიტესთან“ დარჩა. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ფრანკ დე ბურის დანიშვნის შემდეგ, ამსტერდამელები ყველაზე ხშირად სწორედ „ვიტესთან“ აგებენ. დე ბურს არნემელებთან 5 წაგება აქვთ.
„აიაქსის“ წაგებით ისარგებლა და ამსტერდამელებთან ქულთა სხვაობა 9-მდე გაზარდა პსვ-მ, რომელმაც ერედივიზიონის ზედიზედ მე-7 თამაში მოიგო. ეინდჰოვენელები „ვილემ II“-ს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ზედიზედ მეთვრამეტედ დაამარცხეს.
პსვ-მ „ვილემ II“-სთან გამართული თამაშის პირველი ტაიმი წააგო. ეინდჰოვენელები, მიმდინარე გათამაშებაში, მსგავს სიტუაციაში მესამედ აღმოჩნდნენ და მათ, წინა 2 შეხვედრის მსგავსად, თამაშის მოგებას ამჯერადაც მოახერხეს.
შაბათს გამართულ შეხვედრაში პსვ-მ ანგარიში 84-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებს ამის კარგი შანსი უფრო ადრეც ჰქონდათ. თუმცა, მემფის დეპაიმ, 76-ე წთზე, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 20 წლის შემტევმა, ჰოლანდიის ჩემპიონატში დარტყმული ბოლო 6 პენალტიდან 4 გააცუდა. დეპაიმ, მოგვიანებით, თავი მაინც გამოიჩინა და მიმდინარე გათამაშებაში გატანილ გოლთა რაოდენობა 12-მდე გაზარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს, გასულ გათამაშებაში, 12 გოლის გასატანად 32 თამაში დასჭირდა, ამჯერად კი, მხოლოდ 16.