ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ლილიან ტურამმა რადიო “სპორტთან” ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. ტურამს დიდი იმედი აქვს, რომ საფრანგეთის ნაკრები 2016 წელს თავის სამშობლოში გასამართ ევროპის ჩემპიონატს მოიგებს.
“იუვენტუსი” – “დიდი ხანია საკუთარ ჩემპიონატს იგებს, ევროპაში კი დიდი გუნდები ამარცხებენ. იტალიის ჩემპიონტსა და ესპანეთის ან ინგლისის პირველობებს შორის დღეისთვის განსხვავებაა. “იუვეს” სერია A-ში ღირსეული კონკურენტები არ ჰყავს, რაც მის ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე დაღს ასვამს. იმედია, “ბებერი ქალბატონი” ევროპაშიც მალე გაიმარჯვებს”.
საფრანგეთის ნაკრები – “ყველა ფრანგი ველოდებით ჩვენი ნაკრების ტრიუმფს 2016 წელს საფრანგეთში. ჩვენ გვყავს დიდებული ფეხბურთელები, მაგალითად პოლ პოგბა. იგი საოცარია. ასევე გამოვყოფდი რაფაელ ვარანს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. იმედია, საფრანგეთი ევროპის ჩემპიონი გახდება”.
წარსულზე – “ჩემი კარიერის გახსენება მსიამოვნებს. ეს იყო ფანტასტიური, შესანიშნავი. ვითამაშე გენიალური ფეხბურთელების გევრდით და თითქმის ყველა მიზანს მივაღწიე. მნიშვნელობა არ ჰქონდა კანის ფერს და წარმომავლობას”.
ლილიან ტურამს კარიერის გამორჩეული წლები “პარმასა” და “იუვენტუსში” გაუტარებია. საფრანგეთის ნაკრების რიგებში კი ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. მას “სამფეროვანთა” მაისური 142-ჯერ ჩაუცვამს და მეტოქეთა კარში ორი გოლი გაუტანია.