2 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროში ის სტუდენტები მიიღო, რომლებიც 4-14 თებერვლის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ გრანადაში მსოფლიოს ზამთრის უნივერსიადაზე გამოვლენ. სტუდენტებთან შეხვედრას საუნივერსიტეტი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ლექსო გუგავაც დაესწრო.
მსოფლიოს ზამთრის უნივერსიადა არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება სტუდენტებს შორის ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც პირველად 1928 წელს ჩატარდა და მასშემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. 2015 წლის ზამთრის უნივერსიადას მასპინძლობს ქალაქი გრანადა, სადაც 4-14 თებერვლის ჩათვლით გაიმართება შეჯიბრება 11 სპორტის სახეობის 68 დისციპლინაში. ტურნირში მონაწილეობას იღებს 43 ქვეყნის 1551 სტუდენტი.
საქართველო 2015 წლის გრანადის უნივერსიადაზე წარდგენილია 6 სპორტსმენით:
1) დავით თედიაშვილი (ილიას უნივერსიტეტი, სპორტის სახეობა სკი კროსი)
2) მიხეილ თასოშვილი (თბილისის სახ.უნივერსიტეტი, სპორტის სახეობა სნოუბორდ კროსი).
3) შოთა ნათაძე (ილიას უნივერსიტეტი, სპორტის სახეობა, სლალომი, გიგანტური სლალომი).
4) სანდრო ჩოფიკაშვილი (ილიას უნივერსიტეტი, სპორტის სახეობა სლოპ სტაილი).
5) მამუკა ხუციშვილი (ტექნიკური უნივერსიტეტი, სპორტის სახეობა სლოპ სტაილი).
6) გურამ ვაშაყმაძე (ინსბრუკის უნივერსიტეტი, სპორტის სახეობა, სლოპ სტაილი).
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური