კალათბურთი

23:25 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთიც დამარცხებულია!

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც თურქეთის ქალაქ ქონიაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშობს, მე-2 გამარჯვება იზეიმა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა ამჯერად რუსეთი დაამარცხეს – 71:66.

შეგახსენებთ, რომ ქონიას ტურნირზე ევროპის უძლიერესი ნაკრებები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ქართველი ჭაბუკები B ჯგუფში თამაშობენ და საწყის მატჩში ჩერნოგორია 72:53 დაამარცხეს, შემდეგ კი დიდი ანგარიშით უკვე თავად დამარცხდნენ. შეჯიბრის უმთავრეს ფავორიტ საფრანგეთთან ქართველებს შანსი არ ჰქონიათ – 33:79.

დღეს, ჩერქეზიშვილის გუნდს რუსეთთან პრინციპული დაპირისპირება ჰქონდათ და სასიხარულოა, რომ მათ ამოცანას თავი ჩინებულად გაართვეს. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში 8 ქულით დაწინაურდა, ბოლო მეოთხედის წინ კი, უკვე 2 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა, თამაშის შემოტრიალება მოახერხა.

ქართველთაგან საუკეთესო გოგა ბითაძე გახლდათ, რომელმაც 33:18 წუთში 19 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა. 16 ქულა მიითვალა ზაურ ჯანელიძემ, აკაკი ფიფიამ 15 ქულა მოაგროვა, ნიკა ყირიმელმა კი – 10.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების სენს ამჯერადაც ვერ გადავურჩით და ბიჭებმა 29-დან მხოლოდ 14 საჯარიმო გამოიყენეს, გამარჯვება კი იმანაც გააადვილა, რომ რუსებმა 19-დან ერთადერთი (!) სამქულიანი ჩააგდეს.

3 ტურის თავზე B ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით საფრანგეთი ლიდერობს, შემდეგ კი 2-2 მოგებით ლიტვა და საქართველო მოდიან. 3 თებერვალს ქართველები სწორედ ბალტიისპირელებს გაეჯიბრებიან და მორიგი გამოცდა ელით.

საერთაშორისო ტურნირი 16-წლამდე კალათბურთელთა შორის. ქონია (თურქეთი). B ჯგუფი. მე-3 ტური

რუსეთი – საქართველო 66:71 (14:13, 17:24, 20:12, 15:22)

საქართველო: ყირიმელი (22:44 წ. 10 ქ. 5 მ.), ბერდია ქავთარაძე (17:29 წ. 5 ქ.3 პ.), ნიკა ჩეჩელაშვილი (08:42 წ. 1 ქ.), ვლადიმერ ალავიძე (30:13 წ. 5 ქ.), გოგა ბითაძე (33:18 წ. 19 ქ. 14 მ. 3 დ.), ლევან თავხელიძე (10:12 წ. 5 მ.), ვახტანგ გაფრინდაშვილი (10:29 წ.), ზაურ ჯანელიძე (32:57 წ. 16 ქ. 4 მ.), აკაკი ფიფია (33:56 წ. 15 ქ. 3 მ.).

ჩერნოგორია – ლიტვა 69:91

ლატვია – საფრანგეთი 43:56

1. საფრანგეთი 3 3 0 201:132 6
2. ლიტვა 3 2 1 225:174 5
3. საქართველო 3 2 1 176:198 5
4 ჩერნოგორია 3 1 2 210:244 4
5. ლატვია 3 1 2 163:213 4
6. რუსეთი 3 0 3 226:240 3
0.122928