ფეხბურთი

18:49 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: “ბარსელონას” ყოველი ნაბიჯი ვიცოდით”

“ტოსნოს” ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა ყოველკვირეულ გამოცემა “ფუტბოლთან” ინტერვიუში ყაზანის “რუბინში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ “რუბინის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის ყურბან ბერდიევისთვის ფეხბურთი ცხოვრების წესია.

“ბერდიევი ფეხბურთით ცხოვრობდა და ცხოვრობს. მისთვის ფეხბურთი ყველაფერია. ღამეები არ ძინავს და მატჩებს უყურებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვინც შემხვედრია. ბევრი საუბარი არ უყვარს და ყველა მოთამაშესთან არ კონტაქტობს. თუმცა, გუნდის კონტროლი შეუძლია. მისი კოზირი დისციპლინაა და კლუბში ყველაფერი ამით იწყება. ბერდიევი კარგი მწვრთნელია.

ის ხშირად ხუმრობს და საწვრთნელი ბაზის გარეთ სულ სხვა ადამიანია. მწვანე პიჯაკი გასვლით თამაშზე, ეს ტრადიციაა, რომელსაც ასრულებს. მართალია, ზამთარში საქმე რთულად იყო, რადგან სიცივის გამო ზოგჯერ კარნახიც არ შეეძლო. მოედანს გარეთ სრულიად განსხვავებული ადამიანია. ჩვენ ერთხელ დაბადების დღეზე ერთად ვიყავით და ის ბერდიევი ნამდვილად არ იყო, რომელსაც ყველა იცნობს. უბრალოდ, სხვა ადამიანია, რომელიც ხუმრობს, საუბრობს, შეუძლია ბევრი რამ გასწავლოს, რადგან ბევრს კითხულობს” – თქვა რევიშვილმა, რომელიც თავის დროზე ბერდიევთან ერთად “რუბინში” მუშაობდა.

ინტერვიუში რევიშვილმა 2009-2010 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” სტუმრად გამარჯვებაც (2:1) გაიხსენა:

“ამ თამაშისთვის ერთი კვირა ვემზადებოდით. ბერდიევმა ეს გუნდი ისე შეისწავლა, როგორც ისტორიას სწავლობენ ზეპირად: თარიღები, სახელები და გვარები. “ბარსელონას” თამაშებს ყოველ დღე ვუყურებდით: ვსწავლობდით გუნდი დაცვასა და თავდასხმაში როგორ მოქმედებდა.

ბიჭები მოედანზე გავიდნენ და “ბარსელონას” ყოველი ნაბიჯი ვიცოდით. გვარდიოლას ხელში ალბათ ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ “ბარსელონა” ყოველთვის ძლიერია. ჩვენ ამ გუნდთან ძალიან სწორედ ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, მეტოქე რაც უნდა შეისწავლო, იღბლის გარეშე ვერაფერი გამოგივა. ყველამ იცის მესის “მარცხენის” ამბავი და მის წინააღმდეგ თამაში რთულია.

მატჩის მერე გასახდელში შევედით და სიჩუმეა. არავინ არაფერს ამბობს. ვერ წარმოედგინათ, რომ “ბარსელონას” დავამარცხებდით. ყურბან ბერდიევი შემოვიდა და დაიყვირა: “ბიჭებო თქვენ “ბარსელონა” დაამარცხეთ!”. ჩვენც ავყევით. აღსანიშნავად ბევრი დრო არ გვქონდა. მაშინვე ჩემპიონატის თამაშზე გადავერთეთ. ბერდიევი თავის დაკარგვის უფლებას არასოდეს მოგცემს”.

0.107663