ისტორია დაიწერა სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზე შაბათს 31 იანვარს. ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ორ საკონტინენტო ტურნირში გაიმარჯვა. კენგურუები ოკეანეთის ჩემპიონები 1980, 1996, 2000 და 2004 წლებში გახდნენ, ახლა კი აზიის თასის მფლობელებიც არიან.
ავსტრალიელებისთვის ოკეანეთის ტურნირი დაბალი დონე გახლდათ, რადგან ფიფა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამ მხარეს მხოლოდ ნახევარ ადგილს აძლევს, ანუ გამარჯვებული სამხრეთ ამერიკის მეხუთე გუნდს დაუპირისპირდება და თუ გაიმარჯვებს მუნდიალზეც მოხვდება.
“კენგურუებმაც” დაიწყეს მოლაპარაკება მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან სხვა კონტინენტურ ტურნირზე მონაწილეობის შესახებ და ფიფამაც 2006 წელს მათ ნება დართო აზიის ზონაში ეასპარეზათ, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე კი ავსტრალიამ აზიის კონტინენტის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შემდეგ იასპარეზა. “სიდნეი უანდერერსი” აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, ასე რომ, ოკეანისგაღმელებმა საკუთარი ძალა გამოავლინეს.
ავსტრალიამ აზიის თასის წლევანდელ ფინალში სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრები, 76 000 გულშემატკივრის წინაშე, დამატებითი დროის ჩათვლით 2:0 დაამარცხა. “კენგურუები” გახდნენ იმ კონტინენტის ჩემპიონები, რომელთანაც მინიმუმ 411 მილი აშორებთ. ამ დროს ავსტრალიაში ნამდვილი სპორტული ზეიმი იყო. ცალკე ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობა იმართებოდა და ცალკე აზიის თასი.
ეს ქვეყანა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე პრეტენზიას აცხადებს, თუმცა ფიფას ჯიუტად სურს მუნდიალი ყატარში ჩაატაროს. არა და მსოფლიოს მთავარი ტურნირისთვის ავსტრალია უფრო გამართული ქვეყანაა, ვიდრე აზიის წარმომადგენლები.
ავსტრალიელები აზიის თასის გათამაშებაში 2007 წელს ჩაებნენ და მეოთხედფინალში იაპონიასთან დამარცხდნენ, 2011 წელს კვლავაც ამომავალი მზის ქვეყანასთან წააგეს. 2015-ში კი აზიელთა განკუთვნილი თასი ოთხი წლით ავსტრალიაში დარჩა.