რომის “ლაციოს” გამოცდილმა ნახევარმცველმა კრისტიან ლედესმამ, პირველად უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.
Rai Sport-ის ცნობით, როდესაც მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ნახევარმცველის შეძენის აუცილებლობაზე საუბრობდა, მას მხედველობაში ჰყავდა არგენტინაში დაბადებული, იტალიის პასპორტის მქონე ლედესმა. ამ ინფორმაციას მოთამაშის აგენტიც ადასტურებს:
“კლუბებს შორის მოლაპარაკებას ოპტიმიზმით ვუყურებ. კრისტიანი ყოველთვის კარგად ექცეოდა “ლაციოს” და ახლა იმედოვნებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მომდევნო რამდენიმე თვის “ინტერში” გატარების საშუალებას მისცემს”.
32 წლის ლედესმა, რომლის კონტრაქტსაც ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება, “ლაციოში” 2006 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სერია A-ს მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.