ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატში “საგესეს” დამარცხების შემდეგ, კიდევ ერთ ლიდერ “ალ რიადისთანაც” ღირსეულად ითამაშა და მხოლოდ 86:93 წააგო, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ისევ გამორჩეული იყო.
შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში სკიტამ 52 ქულა და 22 მოხსნა მოაგროვა და ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, ამჯერად კი, 36 წუთში 18 ქულა, 12 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ცქიტიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25 გახლდათ და ეს, “ჩემპვილის” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
გამარჯვებულთა მხრიდან ყველაზე მეტი – 26 ქულა 32 წლის ამერიკელმა ფორვარდმა ჯერემია მესიმ ჩააგდო, რომელსაც კარიერის განმავლობაში მადრიდის “რეალის”, “ობრადოიროს”, “კრასნიე კრილიას” და “ბროზე ბასკეტსის” ღირსებაც დაუცავს, ლიბანში კი 2013 წელს გამოჩნდა და თავდაპირველად, სწორედ ცქიტიშვილის “ჩემპვილში” ირიცხებოდა.
ნიკოლოზის კლუბი 4 მოგებით და 6 მარცხით 8-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 7 თებერვალს, სტუმრად “ჰომენეტმენთან” გამართავს.