კალათბურთი

0:00 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და 20-წლამდელების ვარჯიშს დაესწრო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერბი სპეციალისტი იგორ კოკოშკოვი თბილისში იმყოფება. ჩვენი ნაკრების თავკაცი 31 იანვარს, გამთენიისას ჩამოვიდა და საქართველოს 3 თებერვალს დატოვებს.

კოკოშკოვის ვიზიტი სამუშაო ხასიათისაა. სერბი სპეციალისტი 31 იანვარს თბილისი-მოლში სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას დაესწრო, გუშინ კი ეროვნული ნაკრების თბილისში მყოფ წევრებს და კანდიდატებს შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან, ექიმებთან, სამწვრთნელო შტაბთან და მენეჯერებთან შეხვედრა “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. იგორ კოკოშკოვი თანაგუნდელებს ნაკრების საჭირბოროტო საკითხებზე ესაუბრა.

“ქორთიარდ მარიოტიდან“ კოკოშკოვი ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიას ესტუმრა, სადაც 20-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო. ვარჯიშზე იმყოფებოდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები და ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრიც. კოკოშკოვმა თვალი გადაავლო იმ მოთამაშეებს, რომელთაგან ეროვნულმა გუნდმა მომავალში შევსება უნდა მიიღოს.

კოკოშკოვი საქართველოდან თურქეთში გაემგზავრება, სადაც სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ამერიკელ მოთამაშეს, ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანს შეხვდება. ჰიკმანს საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს მისცეს და მაშინ მან ჩვენი ქვეყნის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ჰიკმანი დაიცავს საქართველოს სახელს 2015 წლის ევრობასკეტზეც და ნაკრების მთავარ მწვრთნელს მასთან პირადად შეხვედრა სურს.

თბილისში ყოფნის პერიოდში კოკოშკოვი პერმანენტულად ხვდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს, რომლებთანაც ეროვნული ნაკრებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობს.

2 თებერვალს, იგორ კოკოშკოვი სპორტის სამინისტროში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

www.gbf.ge

0.139246