ბლოგი

11:21 | 1.02.2015 | ნანახია 4204 - ჯერ

თბილისი ევროპის სუპერთასის მოლოდინში

სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმასთან დაკავშირებით, რომ წელს, 11 აგვისტოს, თბილისში ევროპული საკლუბო ფეხბურთის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი – ევროპის სუპერთასი უნდა გაიმართოს. ჩვენს გულშემატკივარს ხომ ასე ძალიან მოენატრა ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთის ცოცხლად ნახვა და იმაზე დიდი მატჩი რა უნდა იყოს, როდესაც ერთმანეთს ევროპის ორი მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები ხვდებიან...

არ ვიცი, შესაძლებელია ეს უცნაური სიჩუმე გარკვეული პოლიტიკური ამბებითაცაა ნაკარნახები და თუ ეს ასეა, სირცხვილი და თავისმოჭრა ჩვენ ყველას, რადგან ქართველებს გვაქვს იმის მართლაც ”უნიკალური” თვისება, რომ ყველაფერი გავაუბრალოოთ, გავაბანალუროთ და საბოლოო ჯამში ბოღმამდე და სიძულვილამდე დავიყვანოთ.

თუმცა, თბილისში ასევე ნახავთ იმ გულშემატკივრებსაც, რომლებიც ოცნებობენ, რომ მათმა საყვარელმა კლუბმა წელს გაიმარჯვოს ევროიპის ლიგაზე, ან ჩემპიონთა ლიგაზე და უდიდესი ოცნება აისრულონ – საყვარელი კლუბი იხილონ თბილისში და თან იმის იმედიც ჰქონდეთ, რომ ის თბილისური ზაფხულის საღამო მათი კლუბის დიდი ტრიუმფით დასრულდება.

ევროპის საუკეთესო კლუბები რასაკვირველია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და აქედანვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სამწუხაროდ მათგან მხოლოდ ერთი ჩამოვა თბილისში. ცნობილი კლუბები არც ევროპის ლიგას აკლია, მაგრამ კითხვის ნიშნები ამ ტურნირში გამარჯვებულის გამოვლენასთან უფრო ისმება და შედარებით პატარა კლუბების ქომაგთა იმედებიც სწორედ ამ ტურნირის შორიახლოს ტრიალებს.

რას მოუტანს თბილისს ევროპის სუპერთასის მასპინძლობა საფეხბურთო კუთხით? ეკონომიკურ კუთხეზე ჩვენზე მეტად საქმეში ჩახედული ხალხი დაწერს და იტყვის. საფეხბურთო კუთხით კი აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა, რადგან პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის (და საერთოდ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს) ისტორიაში ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება საფეხბურთო მატჩი, რომელიც უამარავ ქვეყანაში გადაიცემა და ტელეეკრანთან მიმსხდარი უცხოელი ქომაგებიდან ბევრი იქნება ალბათ ისეთი, რომლებიც პირველად გაიგებენ საქართველოსა და თბილისის არსებობას. ეს კი სულაც არაა პატარა ამბავი.

ამას გარდა არც ის იქნება უმნიშვნელო საქმე, ამ შეხვედრას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები თუ დაესწრებიან და ნახავენ. ეს მათთვის შესაძლებელია მომავალში დიდ ფეხბურთელად გახდომის დამატებითი სტიმული გახდეს, რადგან დამეთანხმებით, რომ სულ სხვა ელფერისაა მატჩი, რომელიც შენს ცხვირწინ და იმ მინდორზე იმართება, სადაც ხვალ შენც უნდა გამოხვიდე და ამ მატჩში მსოფლიოს ისეთი ვარსკვლავები ითამაშებენ, ადრე მათი სახელების ხსენებაზეც კი რომ სუნთქვა გეკვროდა.

უმთავრესი კი ალბათ მაინც ისაა, რომ თბილისში დაიწერება ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ფურცელი და წლების გასვლის შემდეგ სხვა თუ არავინ, ფინალში მონაწილე კლუბების ქომაგები ყოველთვის გაიხსენებენ ამ შეხვედრას და თუკი ფეხბურთმა ფეხბურთად ივარგა, თბილისის ხედებსა და საერთოდ, ჩვენს დედაქალაქს სილამაზის მხრივ რომ არაფერი დაეწუნება - იმედია ამაში მაინც ვთანხმდებით ამ ქვეყნის მცხოვრებნი. ამასობაში კი, ევროპის სუპერთასის ფინალამდე კი სულ ცოტაღა დარჩა...

თეგებისუპერთასი

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:11 | 02.02.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია ამ მატჩზე მაინც იქნება ყველა სექტორი და ჭიშკარი ღია.

17:43 | 02.02.2015
akhali (10761)

...და იქნებ სალაროების რაოდენობა იყო შესაბამისი,რომ ჭყლეტვა არ იყოს...

17:44 | 02.02.2015
akhali (10761)

რა იყო უცენზურო?

17:44 | 02.02.2015
akhali (10761)

???რა იყო უცენზურო?სალაროების რაოდენობა შესაბამისი....რომ ჭ...ყ...ლ..ე.ტ.ვა...არ იყოს

14:53 | 01.02.2015
JUPITER (1548)

იმედია ღირსეულად ვუმასპინძლეთ და თავს არ შევირცხვენთ...

13:04 | 01.02.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

მანამდე იმედია ფსიქოლოგიურადაც და ეკონომიკურადაც უფრო უკეთესი გარემო დადგება!!!

10:10 | 02.02.2015
BEERTRANCE (97819)

ეკონომიკურად არა.

12:11 | 01.02.2015
komentatori (2299)

იყიდა ბილეთი ვინმემ? თუ არ დაწყებულა გაყიდვა

10:10 | 02.02.2015
BEERTRANCE (97819)

ლიგის ფინალი სანამ ჩატარდება და არ გაირკვევა ვინ ჩამოდის მანამდე არ დაიწყება

12:55 | 01.02.2015
ირაკლი1986 (2288)

თუ სწორედ მახსოვს ორი თვით ადრე დაიწყება გაყიდვა

0.07328