საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა ქუთაისის ,,აიასა“ და ბოლნისის ,,ყოჩებს“ შორის ძალიან საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა. რიონისპირელებმა ბოლოს საკუთარ მოედანზე 9 ნოემბერს ითამაშეს, როცა რუსთავის ,,ხარები“ ანგარიშით 15:6 დაამარცხეს. თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ ქუთაისლები კვლავ საკუთარი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს უმასპინძლეს.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. მათ დაწინაურება პირველივე წუთებიდანვე მოახერხეს. მორაგბეები ნორმალურად გახურებულები არც იყვნენ, ბოლნისელებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯარიმის შესრულების უფლება რომ მოიპოვეს. სოხაძემ ზუსტი დარტყმით თავისიანები დააწინაურა - 0:3.
მალე სტუმართა კაპიტანმა თითქმის ანალოგიური მდგომარეობიდან თანაგუნდელებს ნდობა კიდევ ერთხელ გაუმართლა - 0:6.
ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და სხვაობის შემცირების ჩინებული შესაძლებლობა სინაურიძეს მიეცა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ამის შემდეგ ისევ ქვემოქართლელებმა გაილაღეს და მრავალფაზიანი სანიმუშო შეტევის შემდეგ მახარაშვილმა ბურთი ქუთათურთა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. აქამდე უშეცდომო სოხაძეს გარდასახვა გაუცუდდა. ბურთი კარის ძელმა აისხლიტა - 0:11.
ნახევარი საათის მიწურულს რიონისპირელებმა თამაში დაალაგეს და იერიშებსაც მოუხშირეს. მათი ერთ-ერთი შეტევის დროს სტუმრებმა წესი დაარღვიეს და სინაურიძემ საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა - 3:11.
მატჩის გარდამტეხი მომენტი ტაიმის ბოლოს დადგა. მასპინძლები მეტოქეს ზედიზედ რამდენჯერმე მიეძალნენ, რაც რატიაშვილის ლელოთი და სინაურიძის ზუსტი გარდასახვით დასრულდა - 10:11.
მართალია, ბოლნისელები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ შეხვედრის მეორე ნახევრისთვის მასპინძლებს მეტი ძალა შერჩენოდათ.
აღსანიშნავია, რომ ქვემოქართლელებს ამ მატჩამდე მარცხის სიმწარე არ განეცადათ და დანებებას არც ამჯერად აპირებდნენ. თამაშის განახლებისთანავე მათ მასპინძლებს აქტიურად შეუტიეს და სოხაძემ არეკნით სცადა უპირატესობის გაზრდა, თუმცა ბურთის კარის ძელებს შორის გატარება ვერ მოახერხა.
ეს იყო და ეს. ამის შემდეგ ქუთათურთა უპირატესობა გამოიკვეთა და რიონისპირელებს თამაშის სადავეები ხელიდან მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვიათ.
მასპინძელთა რამდენიმეფაზიანი შეტევის შემდეგ ბოლნისელებმა მეტოქის შეჩერება მხოლოდ აკრძალული ილეთის ხარჯზე მოახერხეს. ირლანდიელმა არბიტრმა თამაში გააჩერა, წესის დამრღვევი გუგეშაშვილი მოედნიდან გაასინბინა და მასპინძელთა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. სინაურიძემ ზუსტი დარტყმით თავისიანები წინ პირველად გაიყვანა - 13:11.
ამის შემდეგ თამაში ფაქტობრივად ბოლნისელთა ნახევარზე გაგრძელდა, რაც სინაურიძის კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმოთი დასრულდა - 16:11.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, სტუმრები გარკვეულწილად ვა-ბანკზე წავიდნენ და პოზიციური შეცდომების დაშვებასაც მოუხშირეს. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა მათთვის სავალალო შედეგით დასრულდა.
საჯარიმოდან ჯინჭველაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბოლნისელები აუტში მიმავალი ბურთის დაჭერას ცდილობდნენ, რაც უხეიროდ გამოუვიდათ და ბურთს რამდენიმე წუთის წინ შეცვლაზე შესული გიორგი ტორაძე-უმცროსი დაეუფლა, რომელმაც მეტოქის ნობათი შეირგო და სტუმართა ჩათვლის მოედანი უპრობლემოდ დალაშქრა. სინაურიძეს გარდასახვა ამჯერად გაუცუდდა - 21:11.
მატჩის უკანასკნელ წუთებზე ბოლნისელებმა ბოლო ძალა მოიკრიფეს, მეტოქეს ეკვეთნენ და 22 მეტრიან ხაზთან საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. ვინაიდან დრო უკვე ამოწურული იყო ქვემოქართლელებმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს და ბურთის გათამაშებას კარში დარტყმა ამჯობინეს. გატანის შემთხვევაში ისინი 7 ქულის სხვაობით დამარცხდებოდნენ, რითაც სანუგეშო ქულას მოიპოვებდნენ, თუმცა სოხაძეს ნერვებმა უმტყუნა და ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი კარს ააცილა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:
კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. მართალია, შეცდომები გვქონდა, მაგრამ აშკარად უკეთ გამოვიყურებოდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მომდევნო ტურში თბილისის ,,ლოკომოტივს“ გასვლით თამაშში ვხვდებით და ვეცდებით იქაც წარმატებით ვიასპარეზოთ“.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. XII ტური.
31 იანვარი. შაბათი. ქუთაისი. ,,აია“. 800 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ყოჩები“ (ბოლნისი) 21:11 (10:11)
,,აია“: 15. მოდებაძე (ბექა ტორაძე 63), 14. გ. აფციაური, 13. გ. ფრუიძე, 12. ირემაძე (ჯინჭველაშვილი 50), 11. კიკვაძე, 10. სინაურიძე, 9. თ. თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 79), 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (გიორგი ტორაძე უმცროსი 75), 3. გიორგი ტორაძე (უშხვანი 63), 4. გიორგაძე, 5. ჩიტეიშვილი (სალდაძე 79), 6. შალამბერიძე, 7. დ. ლოსაბერიძე (არეშიძე 70), 8. ყურაშვილი (კ);
2 ლელო: რატიაშვილი, გიორგი ტორაძე (უმცროსი);
გარდასახვა: სინაურიძე;
3 ჯარიმა: სინაურიძე (3);
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,ყოჩები“: 15. მახარაშვილი (გაბუნია 63), 14. გეგენავა, 13. ხარშილაძე (ხუციშვილი 50), 12. გარუჩავა, 11. გოგოლაშვილი, 10. სოხაძე (კ), 9. ბეგაძე, 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 55), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (ცუცქირიძე 70), 4. არჩუაშვილი, 5. ურუშაძე (გრძელიშვილი 50), 6. გუგეშაშვილი (ტყეშელიაძე 55), 7. კიკვიძე (ნ. აფციაური 50), 8. ნ. ჩხიკვაძე;
ლელო: მახარაშვილი;
2ჯარიმა: სოხაძე (2);
სინბინი: გუგეშაშვილი (45);
მწვრთნელი: ალექსანდრე ესაკია;
მთავარი მსაჯი: კიერან ბარი (ირლანდია);
მსაჯები: ლუკა ქავთარაძე, ლაშა ლაშხია;
1 | ყოჩები | 12 | 10 | 1 | 1 | 270-157 | 44 |
2 | ბათუმი | 12 | 7 | 1 | 4 | 248-178 | 35 |
3 | ლელო სარ. | 12 | 7 | 2 | 3 | 236-164 | 34 |
4 | ხარები | 12 | 6 | 2 | 4 | 217-183 | 30 |
5 | ლოკომოტივი | 12 | 5 | 1 | 6 | 187-171 | 28 |
6 | აია | 12 | 6 | 0 | 6 | 193-186 | 28 |
7 | არმაზი | 12 | 5 | 1 | 6 | 202-230 | 24 |
8 | არმია | 12 | 4 | 1 | 7 | 169-235 | 21 |
9 | ჯიქები | 12 | 4 | 1 | 7 | 158-188 | 20 |
10 | თიბიეს უნივ. | 12 | 1 | 0 | 11 | 153-341 | 7 |