ფეხბურთი

17:39 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან გულორდავა: “კანკავა ისეა აღზრდილი, რომ სხვა ადამიანისთვის გულს მისცემს”

“ზუგდიდის” ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან გულორდავამ უკრაინულ ინტერნეტპორტალ matchday.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას სხვა ადამიანისთვის “გულის მიცემა” შეუძლია.

- საქართველოდან უკრაინაში საცხოვრებლად რატომ გადახვედით?

- პატარ ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო. სერიოზული სტრესი გადავიტანე. ჩვენ ზუგდიდში ვცხოვრობდით, მაგრამ ბიძაჩემი სოხუმელი იყო და იმ პერიოდში მასთან ვისვენებდით. ისე მოხდა, რომ სროლას შევესწარი. პლუს მდინარეზე გადასასვლელი ხიდები ააფეთქეს. ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში დავბრუნდი, სადაც სინჯების გავლის მერე “ზუგდიდში” ჩავირიცხე. უკრაინაში იმიტომ ჩამოვედი, რომ უმაღლეს ლიგაში თამაში მინდა. 26 წლის ვარ და პირველ ლიგაში საკმარისად ვიასპარეზე. 15 წლიდან უმაღლესი ლიგის გუნდების პირველ შემადგენლობებში ვვარჯიშობდი, მაგრამ დამკვიდრება ვერ მოვახერხე. სანამ ამას არ მივაღწევ, ვერ მოვისვენებ.

- საქართველოს ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებთ?

- საქართველოს ჩემპიონატის დონე ზაპოროჟიეს “მეტალურგისას” შეესაბამება. ზაპოროჟიელები სხვა ქართული გუნდებისგან არაფრით გამოირჩევიან. საქართველოს ჩემპიონატი იმითაა საინტერესო, რომ ნებისმიერ მატჩში ფინტს ნახავ. გუნდები პრესინგს არ თამაშობენ. ქართველებმა პრესინგს რომ მიმართონ, მატჩი 30-ე წუთზე დასრულდება. ამიტომ, ფეხბურთელები თავისუფლად მოქმედებენ, ერთმანეთს თამაშის საშუალებას აძლევენ. სამაგიეროდ, 65-ე წუთიდან ყველაზე საინტერესო იწყება. ცენტრალურ მცველები თავის საჯარიმოს ხაზიდან ზევით აღარ ადიან. დაღლილობისგან რგოლებს შორის დიდი წყვეტაა. ფეხბურთელები ფიზიკურად მზად არ არიან.

- სეზონისთვის არ ემზადებიან?

- შეკრებაზე ბევრს თუ ირბენენ, შესაძლოა შემდეგ აღარ ივარჯიშონ. ჩვენ სკვერში დავრბოდით. მთელი გუნდიდან მწვრთნელის დავალებას მე და კიდევ ერთი ფეხბურთელი ასრულებდა. ზოგი ამბობდა, რომ ფეხი ტკივა, ზოგიერთი ჩამოჯდებოდა და ელოდებოდა, სხვები როდის გაირბენდნენ. მწვრთნელი ამას ხედავდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ქართველებს ვიცნობ და ვიცი, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია. როგორც მწვრთნელები თავად ამბობენ: “გუნდში ერთი ქართველი კარგია, ორიც, მაგრამ მესამის გამოჩენა უკვე დასაფიქრებელია”. ეს სიმართლეა. მაინტერესებდა სანდრო კობახიძე “ვოლინში” ვიტალი კვარციანის როგორ უძლებს. ამის შესახებ კანკავასაც ვკითხე. ჯაბა მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა. ალბათ, კვარციანიმ კობახიძესთან საერთო ენა გამოძებნა.

- როგორც ამბობენ, კიევის “არსენალში” გადასული ჯაბა კანკავა რუსულისა და უკრაინულის არცოდნის გამო ვერავისთან ურთიერთობდა...

- მახსოვს, ჯაბა “არსენალში” რომ ჩამოვიდა, ერთმა ფეხბურთელმა ოთახში შემომიყვანა. მითხრა, რომ ჯაბას არაფერის ესმის და დაელაპარაკეო. მას რეალურად არაფერი ესმოდა. პირველ დღეებში ლექსიკონი ვუყიდე, რათა ენა ესწავლა. ჯაბა ძალიან მორიდებული და მორცხვი ადამიანია. კომპლექსი აქვს, რომ შესაძლოა რაღაც ისე ვერ თქვას და დასცინებენ. ამიტომ, რუსულად იშვიათად საუბრობს და უმეტესად დუმს. მოედანზე საქმე სხვაგვარადაა.

ერთხელ სერგეი მიზინმა მოედანზე რაღაც უხეშად უთხრა და ჯაბამ შესაბამისად უპასუხა. მიზინი მიხვდა საქმე ვისთან ჰქონდა და კონფლიქტი აღარ გაუგრძელებია. ქართველები ტყუილუბრალოდ არასოდეს არავისთან ჩხუბობენ.

- უკრაინა შოკირებული იყო, როდესაც ჯაბა კანკავამ ფაქტობრივად წამებში ოლეგ გუსევი სიკვდილს გადაარჩინა. მისმა ასეთმა რეაქციამ გაგაოცათ?

- გასაოცარი რაა? ისეა აღზრდილი, რომ სხვა ადამიანს “გულს მისცემს”. ძალიან მორწმუნე ადამიანია. ალბათ, ეს ეხმარება. ჯაბა “რეჟიმისტია”. მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული. ვარჯიშობს, საკუთარ თავზე მუშაობს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ბურთით “მუშაობს”. მაგალითად, კრივშიც ვარჯიშობს, ველოსიპედითაც დადის. ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ დარჩენა მთხოვა. ჩვენ დილას ვჭამეთ და წვრთნის დასრულების მერე, კიდევ 3 საათი “ვიმუშავეთ”. კედელზე ბურთით ვვარჯიშობდით. საბოლოო ჯამში, ისე დავიღალე, კინაღამ ცუდად გავხდი.

- ტრავმის გამო ხანგრძლივი დროით უფეხბურთობა როგორ გადაიტანა?

- სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ჯაბა ძალიან განიცდიდა. ერთი ტრავმის მერე ჯერ ნორმალურად გამოჯანმრთელებული არ იყო, რომ მეორე მიიღო. ამასთანავე, “დნიპროს” გენერალური დირექტორი ანდრე სტეცენკო ეჭვობდა, რომ ის იტყუებოდა. ასეთ რამ ჯაბაზე როგორ უნდა იფიქრო?! თბილისში თაბაშირიანი ფეხით იყო და ისე განიცდიდა, ურთიერთობაც კი არ შეიძლებოდა. ხვდებოდა, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ალბათ, “დნიპროში” ფიქრობდნენ, რომ ჯაბა სხვა ლეგიონერებს ჰგავს, რომლებიც მცირე ტრავმა მიიღებენ და მაშინვე ლაზარეთში წვებიან. თუმცა, ჯაბას ეს არ ეხება. პირიქით, მას სულ თამაში სურს.

- კარიერის გაგრძელებას სად გეგმავთ?

- პირველ ყოვლისა უკრაინაში თამაში მინდა და ეს მიზანი მაქვს. თუ წინადადებები არ მექნა, საქართველოს ჩემპიონატში დავბრუნდები. თუმცა, იმედია, შეთავაზება მექნება.

0.141543