ავსტრალიის ეროვნული ნაკრების აზიის თასის 2015 წლის გათამაშების ჩემპიონია. სიდნეიში გამართულ შეხვედრაში ტურნირის მასპინძლებმა ფინალში სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდი დამატებით დროში დაამარცხეს. მატჩში ანგარიში 45-ე წუთზე მასიმო ლუონგომ გახსნა, ხოლო ძირითადი დროის პირველივე დამატებულ წუთზე კორეელთაგან ანგარიშის გათანაბრება სონ იონგ-მინმა შეძლო. კომპენსირებულ 30 წუთში ოკეანისგაღმელებმა იყოჩაღეს და 105-ე წუთზე ჯეიმს ტროისიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ავსტრალია აზიის ახალი და პირველი არა ამ კონტინენტის ჩემპიონია. "კენგურუები" აზიის თასის გათამაშებაში პირველად 2007 წელს ჩაერთნენ, მეოთხედფინალშიც გავიდნენ, თუმცა იაპონიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.
2011 წელს ყატარში გამართულ ტურნირზე ავსტრალიელები უკეთესად გამოიყურებოდნენ, ფინალშიც გააღწიეს, თუმცა 4 წლის შემდეგაც მათი ძლევა იაპონიამ მოახერხა. ამჯერად კი ავსტრალიამ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.