2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი სულ უფრო ახლოვდება და ნელ-ნელა ფიბაევროპას მიერ ევრობასკეტისთვის მიძღვნილი ოფიციალური ვებ-გვერდიც “ხურდება”. აღნიშნულ საიტზე უკვე არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა, ამჯერად კი, საქართველოს ნაკრების წევრ დუდა სანაძის ჯერიც დადგა.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირზე ქართველ კალათბურთელთა მეტოქეები C ჯგუფის მასპინძელი ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია იქნებიან, რაც ქომაგსაც და კალათბურთელებსაც ურთულესი ბრძოლებისთვის განაწყობს.
“ევრობასკეტს მოუთმენლად ველი. საბერძნეთი, სლოვენია და ხორვატია დიდებული გუნდებია, თუმცა, ჩვენც საკმარისად კარგი შემადგენლობა გვყავს, რათა მათ ვძლიოთ”, - განაცხადა სანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპირველობა დუდასთვის პირველი დიდი ტურნირი არ იქნება. ის 2013 წლის ევრობასკეტზეც გუნდში იყო და 3 მატჩი ჩაატარა, მათ შორის იყო თამაში ესპანეთის უძლიერეს ნაკრებთან, სადაც ქართველ მცველს 24 წუთი დაუთმეს.
“ის თამაში მართლაც გამორჩეული იყო. მარკ გასოლის, რიკი რუბიოს და მათი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში უდიდესი სიამოვნება გახლდათ. მაშინ ნაკრების მწვრთნელი მენდო და მისი მადლიერი ვარ. ვფიქრობ, რომ არა ამგვარი გამოცდილება, გასულ საკვალიფიკაციო ციკლში გუნდის სათანადო დახმარება გამიჭირდებოდა”.
ცნობისთვის, ევრობასკეტ-2015-ის საკვალიფიკაციო მატჩებში სანაძე საშუალოდ 7.5 ქულას აგროვებდა, სამქულიანებში პროცენტული მაჩვენებლების (14-დან 10, 71.4%) მხრივ კი, ის მთელს საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო.
“ამ მხრივ ჩემი მასწავლებელი მანუჩარ მარკოიშვილია. შორეულ ტყორცნებში ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ეს, გასულ ზაფხულს ძალიან დამეხმარა”, - დასძინა დუდამ.