ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია – ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატის მატჩში 52 ქულა ჩააგდო და “ჩემპვილს” ლიდერის დამარცხებაში დაეხმარა. გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო და ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველადგილოსან “საგესეს” 138:130 სძლია.
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და შეუცვლელად ანუ 50 წუთს (!) ითამაშა. სკიტამ 19-დან 18 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 52 ქულას კი 22 მოხსნა (10 მეტოქის ფარზე), 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
ქართველმა ფორვარდმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 73-ს (!) უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ცნობისთვის, სარგებლიანობით ცქიტიშვილმა მეტოქის ლიდერ ტერელ სტოგლინსაც კი აჯობა, რომელმაც ასევე 50 წუთში 74 (!) ქულა (მათ შორის 14 სამქულიანი) ჩააგდო, თუმცა, მხოლოდ 2 მოხსნა ჰქონდა.
ისიც ვთქვათ, რომ “ჩემპვილის” რიგებში დებიუტი ჰქონდა 32 წლის ამერიკელ ფორვარდ კევინ პინკნის, რომელსაც ევროპაში იტალიური “ბიელას” და კანტუს“, იერუსალიმის “ჰაპოელის” და სლოვენიური “ოლიმპიას” ღირსება დაუცავს. გასულ მატჩში პინკნიმ 49 წუთში 26 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
“ჩემპვილმა” 4-4 მოგება-წაგება მოაგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. 1 თებერვალს ცქიტიშვილის კლუბს მორიგი გამოცდა ელის, რადგანაც ახალ ლიდერ “ალ რიადის” უმასპინძლებს.