თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს 2 ქართველი ნახევარფინალისტი ეყოლება: ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია.
პირველი რეიტინგის მქონე გორგოძემ სლოვაკი ლენკა ვიენეროვა 6:2, 6:1 გაანადგურა და ფინალის საგზურისთვის ბულგარელ პეტია არშნიკოვას გაეჯიბრება.
წარმატებულად თამაშობს ქვაცაბაიაც, რომელმაც გასულ კვირაში ანტალიაში გამართული 10-ათასიანი შეჯიბრი უკვე მოიგო. მე-6 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ მე-3 რეიტინგის მქონე ბრიტანელ ამანდა კარერასს 7:6 (7:2), 6:2 სძლია და ახლა, ხორვატ ივა მეკოვეცს (მე-2 ნომერი) ეთამაშება.
მოგვიანებით, ქართველ ჩოგბურთელებს წყვილთა ტურნირის მატჩიც ელით. პირველ ნომრად განთესილი გორგოძე და ქვაცაბაია მეოთხედფინალში ჰოლანდიელ ჰუსაკს და სერბ სტამენკოვიჩს გაეჯიბრებიან.