საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამოიცა წიგნი გაიოზ ჯეჯელავას შესახებ - “გაიოზ ჯეჯელავა 100.” გაიოზ ჯეჯელავას დაბადებიდან ასი წელი შეუსრულდა და სწორედ ამ იუბილესთან დაკავშირებით წიგნის გამოცემა მიმდინარე წელს გადაწყდა. წიგნის პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
“ფეხბურთი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფეხბურთის ამგვარ როლს საფუძველი სწორედ იმ პერიოდიდან ჩაეყარა, როცა მოედანზე ჯეჯელავა თამაშობდა. მას შეეძლო სხვადასხვა თემებზე საუბარი. მისი ნიჭიერება და ინტერესები ფეხბურთის მინდორს სცდებოდა. ბრწყინვალე ფეხბურთელის გარდა გაიოზი ინტელექტუალი პიროვნება გახლავთ” – აღნიშნა ოთარ გაგუამ.
“ქართული ფეხბურთის შესახებ კვლავ ვგეგმავთ წიგნების გამოცემას. მეოცე საუკუნე ძალიან საინტერესო პერიოდი იყო და გასული საუკუნის შესახებ ცალკე ტომის გამოცემასაც ვგემავთ” – აღნიშნა გია გორგოძემ.
პროექტის ავტორი და რედაქტორი გახლავთ გია გორგოძე. წიგნზე ასევე მუშაობდნენ ზაზა ასანიშვილი, ილია ბაბუნაშვილი და თამაზ მიგრიაული.
გაიოზ ჯეჯელავას შესახებ წიგნში საინტერესო ფაქტებს წააწყდებით.