“ზესტაფონი” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას 27 იანვარს შეუდგა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ზესტაფონელთა პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ აცნობა.
ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, ზესტაფონელები თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე საკლუბო ბაზაზე ემზადებიან. მიქაძეს ასისტენტები ლევან ბაჯელიძე და ბორის გონჩაროვი არიან, ხოლო მეკარეებს არჩილ ღურწკაია გაწვრთნის. მიქაძისა და ბაჯელიძის დუეტი ბოლო ორი წლის განმავლობაში “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობას წვრთნიდნენ.
იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც მეორე წრეში “ზესტაფონში” ითამაშებენ, 27 იანვარს გიორგი ილურიძემ, ოთარ ხიზანეიშვილმა, ალექსი ბენაშვილმა, დავით ლომაიამ, ივანე ხაბელაშვილმა, არჩილ მესხმა, მირიან რობაქიძემ, მიხეილ ვაჭარაძემ, გია მახათაძემ, ნოდარ გაჩეჩილაძემ და დავით კუპატაძემ ივარჯიშეს.
მეორე წრეში ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი და კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია “ზესტაფონს” თანაბრად დააფინანსებენ. ორივე მხარე 500000-500000 ლარს დახარჯავს.