ფეხბურთი

12:49 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დომენტი სიჭინავა: “მთავარი კონკურენტი ინგლისი იყო”
ცხადაძე ივნისამდე ხელფასს მხოლოდ “ინტერში” მიიღებს

19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს. მატჩები თბილისში, გორში, მცხეთასა და რუსთავში ჩატარდება. თბილისში ტურნირის შეხვედრები “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება, გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე”, მცხეთაში “მცხეთა პარკზე”, ხოლო რუსთავში “ფოლადზე”. ევროპის პირველობის დასკვნითი ეტაპის ფორმატი არ შეიცვლება და საქართველოს 7 ნაკრები ესტუმრება. მასპინძელი, როგორც ტურნირის ორგანიზატორი, ფინალურ ეტაპზე ავტომატურად დაიშვება.

უეფას აღმასკომმა ევროპის პირველობის საქართველოში ჩატარება ორშაბათ საღამოს გადაწყვიტა, სამშაბათს დილას კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ “მიხეილ მესხზე” ამ მოვლენის თაობაზე პრესკონფერენცია ჩაატარეს.

დომენტი სიჭინავა: “2017 წელს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებას მთელ ქართულ საფეხბურთო სამყაროს ვულოცავ. გვიხარია, რომ უეფას აღმასკომი ჩვენ ქვეყანას და ფეხბურთის ფედერაციას ენდო. ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ფინალური ეტაპი საქართველოში “წამოვიღეთ”.

- ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა რამდენი დაჯდება და მასპინძელი ქალაქები რა კრიტერიუმით შეირჩა?

- მატჩები თბილისში, რუსთავში, გორში და მცხეთაში ჩატარდება. ხელოვნურსაფარიან მოედნებზე თამაშები არ გაიმართება და ამიტომ, როგორც რუსთავში, ასევე, მცხეთაში ბუნებრივი საფარი უნდა დაიგოს. გარდა ამისა, საჭიროა პრესლოჟების, ვიპლოჟების და ა.შ. მოწესრიგება. სტადიონები მე-2 ან მე-3 კატეგორიას უნდა აკმაყოფილებდეს. 4 სტადიონის გარდა, კიდევ დამატებით ერთი სტადიონია საჭირო. აგრეთვე, 8 სავარჯიშო მოედანი უნდა გვქონდეს.

სასტუმრო სტადიონიდან მაქსიმუმ ერთი საათის სავალზე უნდა მდებარეობდეს, ხოლო სავარჯიშო მოედნები - ნახევარი საათის. ორი 132 ნომრიანი სასტუმრო გვჭირდება, სადაც ნაკრებები დაბინავდებიან. ერთი კი 30-ნომრიანი მსაჯებისთვის. თბილისური სასტუმროებიდან “ჰოლიდეი ინში” 270 ნომერია, “რედისონში” 280 ნომერი, “თბილისი მერიოტში” 127 ნომერი, “ქორთიარდ მერიოტში” 118 ნომერი, ხოლო “შერატონში”, სადაც რემონტია, 220 ნომერია. ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება 20 თვით ადრე დაიწყება. საქართველოში უეფას პირველი დელეგაცია 2015 წელს ჩამოვა.

ჩემპიონატის ჩატარება რამდენი დაჯდება, ახლა ვერ გეტყვით. ფორმატი არ შეიცვლება და ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი ითამაშებს. “მიხეილ მესხის” ძირითადი სტადიონის გარდა, სათადარიგო სტადიონიც მომზადდება.

- ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თამაშები რატომ არ ჩატარდება?

- ჯერ ერთი “დინამო არენაზე” 53000 გულშემატკივარი ეტევა და გარდა ამისა, ამ სტადიონს თავის დატვირთვა აქვს, რადგან 2015 წელს ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

- ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მისაღებად ძირითადი კონკურენტი ვინ იყო?

- კონკურენტი მთელი ევროპა იყო. მთავარი კონკურენტი ინგლისი გახლდათ.

- სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მნიშვნელოვანია. მთავრობის წევრებთან კონსულტაცია გქონდათ?

- მთავრობასთან შეხვედრა ერთი წლის წინ გვქონდა. მაშინ დავაყენეთ საკითხი, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა გვსურდა. პრემიერ მინისტრის დადგენილებაც არსებობს, სადაც მითითებულია, რომ 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას მთავრობა მხარს უჭერს.

- ევრო-2017-ისთვის საორგანიზაციო კომიტეტი ცალკე შეიქმნება?

- 4 თებერვალს უეფაში მივემგზავრებით. მუშაობას დავიწყებთ და კომისია ჩამოყალიბდება, რომელიც მუშაობას 20 თვით ადრე შეუდგება. უეფას მოთხოვნაა, რომ ნაკრებების ვარჯიშის დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს. რაც შეეხება ჩემპიონატის ჩატარების ვადებს, სავარაუდოდ ივლისში გაიმართება.

- უეფამ რატომ გადაწყვიტა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველოსთვის მიეცა?

რეზო არველაძე: “უეფაში გასაგზავნად დოკუმენტაციას როდესაც ადგენ, წერ, რას გააკეთებ. ამ გეგმის ნაწილი იყო ასაკობრივ ნაკრებებში ამდენი შესარჩევი ტურნირების მასპინძლობა, სადაც ჩვენი შესაძლებლობა გამოჩნდა. ამ საკითხზე 2 წელიწადი ვმუშაობდით. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდის ხილვა არავის სურს და ბოლო პერიოდში ჩვენი ასაკობრივი გუნდების წარმატებამაც განაპირობა, რომ მასპინძლები გავხდით.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძის ხელფასი რამდენია? მართალია, რომ ივნისამდე ის ანაზღაურებას მხოლოდ ბაქოს “ინტერში” მიიღებს და მომავალ ორ მატჩში მალტასთან და გერმანიასთან ფეხბურთის ფედერაცია ცხადაძეს ხელფასს არ გადაუხდის?

სიჭინავა: “ნამდვილად არ ვიცი, “ინტერში” ცხადაძის ხელფასი რამდენია. ამიტომ, ვერ გეტყვით საქართველოს ნაკრებში მეტს მიიღებს თუ ნაკლებს. ჩვენ ბაქოელთა პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ვიდრე ცხადაძე კლუბში იმუშავებს, ხელფასს მხოლოდ “ინტერში” მიიღებს. ივნისიდან მას თანხას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის”.

0.130358