მადრიდის “რეალს” ახალგაზრდა ტალანტების შეძენა შესაძლოა ძვირი დაუჯდეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მას წესების დარღვევას ედავება, თუმცა, “სამეფო კლუბში” დარწმუნებულები არიან, რომ არაფერი დაუშავებიათ.
“მოცემულ მომენტში ფიფა აგროვებს ინფორმაციას და საბუთებს, რათა სწორად შეაფასოს პრობლემა. “რეალთან” დაკავშირებით ჯერჯერობით არცერთი დისციპლინარული საკითხი არ აღძრულა. ჩვენ კავშირში ვართ ესპანურ კლუბთან”, - აცხადებენ ფიფას პრესამსახურში.
“რეალი” მკაცრად იცავს წესებს და მისი ყველა ქმედება დადგენილ ნორმებს შეესაბამება. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი უცხოელი ფეხბურთელების ტრანსფერებისა და რეგისტრაციის დროს დარღვეულია წესები, უსაფუძვლოა სპეკულაციაა”, - წერია კლუბის საპასუხო განცხადებაში.
მსგავსი მიზეზის გამო კატალონური “ბარსელონა” უკვე დაისაჯა და ორ მომდევნო სატრანსფერო პერიოდში (2016 წლამდე) ფეხბურთელების შეძენა აეკრძალა. მიზეზი 18 წელზე ნაკლები ასაკის ფეხბურთელის საერთაშორისო ტრანსფერის განხორციელება გახდა.